ალბათ, ხშირად შესწრებიხართ ან თავად ყოფილხართ იმ მოქალაქის ადგილას, ვისაც შეჩერების შემდეგ, პოლიციელი ტელეფონით უღებს ფოტოს და გაგჩენიათ კითხვა, აქვს თუ არა სამართალდამცველს ამის უფლება.
პოლიციელს არ აქვს უფლება გადაგიღოთ ფოტო, თუ პირადობის მოწმობა თან გაქვთ და თქვენი იდენტიფიცირება ამ გზითაც მარტივადაა შესაძლებელი. მითუმეტეს არ აქვს მას ამის უფლება – საკუთარი ტელეფონით, სადაც თქვენი პერსონალური მონაცემები კიდევ დიდხანს დარჩება.
მაშინაც კი, თუ პირადობა თან არ გაქვთ, პოლიციელს ვინაობის გადამოწმება, თქვენი სახელითა და გვარით, უკვე არსებულ ბაზაშიც შეუძლია.
ზოგადად, პოლიციელთან კომუნიკაციისას, უმჯობესია მოითხოვოთ სამხრე კამერის ჩართვა, თუ მას ასეთი აქვს. კამერა ჩართულია, თუ მასზე ციმციმებს მხოლოდ წითელი განათება.
ასევე უფლება გაქვთ და გირჩევთ, – ყოველთვის გადაიღოთ თქვენი პოლიციელთან საუბარი ტელეფონით ან კამერით. მას არ აქვს უფლება აგიკრძალოთ ვიდეოს გადაღება.