გახშირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციელები (მართლწესრიგის ოფიცრები) მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე მოდიან და თქვენი ვინაობის, სამუშაო ადგილისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის დადგენას ცდილობენ (აღწერა, ფოტოების გადაღება და ტელეფონის ნომრების შეგროვება).
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს აღნიშნული ღონისძიების განხორციელების წესს – მსგავსი პროცედურის შესახებ ინფორმაცია არ გვხვდება არცერთ ნორმატიულ აქტში.
მართალია, პოლიციას აქვს მსგავსი პრევენციული ღონისძიებების გატარების უფლება, მაგრამ მასში მონაწილეობა სრულად ნებაყოფლობითია, ანუ შეგიძლიათ თქვათ უარი.
• აუცილებლად მოითხოვეთ პოლიციელების იდენტიფიცირება (სამსახურებრივი მოწმობის წარმოდგენა);
• შეგიძლიათ შეუფერხებლად აწარმოოთ ვიდეო გადაღება, უმჯობესია ე.წ. ლაივით;
• შეგიძლიათ არ გაუღოთ კარი პოლიციის თანამშრომლებს, სანამ ისინი არ გაგაცნობენ დოკუმენტს, დადგენილებას ან მოსამართლის განაჩენს, რომელიც მათ თქვენს საცხოვრებელში შემოსვლის უფლებას აძლევთ.
თუ პოლიციელები თქვენს საცხოვრებელ სივრცეში თქვენი ნებართვის გარეშე მაინც შემოვიდნენ, უფლება გაქვთ არ გასცეთ პასუხი კითხვებზე. მოითხოვეთ ადვოკატი და აუცილებლად მოსთხოვეთ ოქმის შედგენა მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით.
თქვენი საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით.
პოლიციელების მიერ ხშირად გამოყენებული ტერმინი – „გასაუბრება“ არ არის სამართალდამცავებთან კომუნიკაციის კანონით დადგენილი ფორმა. “გამოკითხვაც” კი, რომელიც კანონიერი ფორმაა, არის ნებაყოფლობითი და შეგიძლიათ განაცხადოთ უარი.
პოლიციასთან კომუნიკაციაზე შეგიძლიათ ყოველთვის თქვათ უარი, გარდა ქუჩის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და საჭესთან ყოფნისას. ამ შემთხვევებშიც, შეგიძლიათ შემოიფარგლოთ საკუთარი სახელის, გვარისა და დაბადების თარიღის დასახელებით.
პოლიციასთან ურთიერთობის დროს გაჩენილი პრობლემების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე (#126) და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში (#199).