ხელისუფლების მიერ გამოცხადებული რეპრესიების ფონზე, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ პოლიციამ დაგვაკავა (სისხლის სამართლის კოდექსი).
– გვაქვს თუ არა ახლობელთან დარეკვის უფლება დაკავების შემდეგ?
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ შეიცავს დაკავების შემდეგ ბრალდებულის მიერ ტელეფონოთ სარგებლობის უფლებას. პოლიციელი ვალდებულია, დაკავების ფაქტი თავად შეატყობინოს თქვენი ოჯახის წევრს ან თქვენ მიერ შერჩეულ სხვა პირს.
პოლიციელებმა, მოტყუების მიზნით, შესაძლოა, თქვენივე ტელეფონით დარეკვა შემოგთავაზონ, თუმცა, ამ ინიციატივაზე უარი თქვით.
• უმჯობესია, თუ დაკავების შემდეგ პირად ტელეფონს სრულად გამორთავთ (shut down) და არ გამოიყენებთ, რადგან არსებობს ალბათობა, რომ სამართალდამცავებმა მოიპოვონ წვდომა თქვენს ტელეფონზე და, შესაბამისად, თქვენს პირად მონაცემებზე, მიმოწერასა და ფოტო/ვიდეო მასალაზე.
– მივცეთ თუ არა ჩვენება პოლიციელებს დაკავების შემდეგ?
• არ მისცეთ ინფორმაცია პოლიციელებს სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის გარეშე და გამოიყენეთ დუმილის უფლება. დუმილის უფლება არ შეიძლება შეფასდეს თქვენი ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებად. პოლიციელებს უთხარით, რომ ინფორმაციას მხოლოდ ადვოკატთან გასაუბრების შემდეგ მიაწვდით.
• პოლიციელები ხშირად ახერხებენ, მოიპოვონ სასურველი ჩვენება დაშინების და მოტყუების შედეგად, იურისტის მოსვლამდე. არ ენდოთ “კეთილ” და “ბოროტ” პოლიციელს, ჩვენების მიცემამდე გაიარეთ კონსულტაცია ადვოკატთან.
მთავარი იარაღი მათ ხელში თქვენი ფსიქოლოგიური ტერორია, ამიტომ ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და გაუძლოთ ზეწოლას.
გახსოვდეთ, რომ იმ წუთებში თქვენი ახლობლები, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები, თქვენთვის დახმარების აღმოჩენას ჩქარობენ და მარტო არ ხართ