პოლიციელის მიერ თქვენი დაკავების შემთხვევაში, ეცადეთ, არ გაუწიოთ მას წინააღმდეგობა, რაც არ უნდა უკანონოდ ხდებოდეს ის, რადგან:
ეს უშედეგოა და შესაძლოა თქვენი ფიზიკური დაზიანებაც კი მოჰყვეს
მიუხედავად იმისა, რომ უკანონო დაკავების დროს, მოქალაქის მხრიდან პოლიციელისთვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა ბუნებრივი რეაქციაა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ, სასამართლოები ამას არ ითვალისწინებენ. დაკავების მომენტის შემდეგ გაწეული ფიზიკური წინააღმდეგობა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევად განიმარტება ყველა შემთხვევაში. (მუხლი 173)
იგივე ვრცელდება დემონსტრაციის მონაწილე სხვა პირის დაკავების შემთხვევაშიც: არ შეეცადოთ პოლიციელებს დაკავებული გამოსტაცოთ. ეს ქმედება ასევე იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (მუხლი 173), ან, ძალადობრივი ქმედებით ჩადენის შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
ეცადეთ გადაიღოთ დაკავების მიმდინარეობა დასაწყისიდან ბოლომდე. ვიდეო მტკიცებულების ქონა ერთადერთი იარაღია თქვენს ხელში სიმართლის საჩვენებლად. უკეთესია, თუ ჩანაწერი ასახავს თქვენი დაკავების გადაწყვეტილების მომენტსა და მანამდე სიტუაციას გარშემო. ეს დაგეხმარებათ გადაწყვეტილების უკანონობის საჩვენებლად.
დაკავების შემდეგ, უფლება გაქვთ(!) ისარგებლოთ საკუთარი ტელეფონით, შეატყობინოთ დაკავების შესახებ ოჯახის წევრს ან ნებისმიერ პირს (მაგალითად, გადაყვანის პროცესში). თუ პოლიცია გადაწყვეტს, რომ ჩამოგართვათ ტელეფონი და სხვა ნივთები, მან აუცილებლად უნდა შეადგინოს ნივთების ჩამორთმევის შესახებ ოქმი.
პ.ს. ყველა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი რჩევა სწორია, მაგრამ მნიშვნელოვანია თითოეული შემთხვევის კონტექსტიც:
“როცა უსამართლობა ხდება კანონი, დაუმორჩილებლობა მოვალეობაა” – თომას ჯეფერსონი