რა გეგმა გვაქვს?

ხელისუფლების გეგმა

  1. “ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას ივნისის დასაწყისში მოახერხებს.
  2. საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე, ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის ვეტოს დაძლევამდე კანონში “შესწორებები” შეიტანოს. ამის ერთადერთი მიზანი პროტესტის შესუსტებაა.
  3. რუსული კანონის ამოქმედებისთანავე, ხელისუფლება გააძლიერებს რეპრესიებს როგორც ორგანიზაციების, ისე ინდივიდების წინააღმდეგ. ხელისუფლების მიზანია, მომავალი თვეების განმავლობაში დაასუსტოს სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები, რათა არჩევნები დაუცველი და უკონტროლო დარჩეს; დათესოს შიში მოქალაქეებში და გააჩინოს ნიჰილისტური დამოკიდებულება არჩევნების მიმართ.
  4. არჩევნების გზით მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭიროა 50%+1 ხმა, რისი მიღების თეორიული შანსიც კი არ გააჩნია “ქართულ ოცნებას”. ამიტომ, მათი მიზანია მაღალი, 5%-იანი, საარჩევნო ბარიერით პარლამენტს მიღმა დატოვოს შედარებით მცირე ზომის პარტიები და ამით ხელოვნურად გაზარდოს საკუთარი პროცენტული შედეგი. მეორე მხრივ კი, მოქალაქეების დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვისა და არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ჩვენი გეგმა

  1. არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ რუსული კანონის შესწორების პროცესში შეგვიტყუოს. ეს კანონი “ქართული ოცნების” ხელში ნებისმიერი ფორმით ერთსა და იმავე შედეგს მოიტანს ქვეყნის დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისთვის. ამიტომ, გავაგრძელოთ პროტესტი და მის მთავარ მოთხოვნად დარჩეს კანონის გაწვევა.
  2. პროტესტის პარალელურად მოქალაქეებმა დავიწყოთ არჩევნებისთვის მზადება და არ გავაუფასუროთ მისი მნიშვნელობა.
    • ხელისუფლების გაყალბების რესურსი ვერ მოგვერევა, თუ არჩევნებში რეკორდულად მაღალი რაოდენობის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. ეს კი სრულიად შესაძლებელია.
    • დავარწმუნოთ ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები, რომ ხმა ხელისუფლების წინააღმდეგ მისცენ.
    • სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზეწოლის შემთხვევაშიც კი, მივმართოთ თვითორგანიზებას და თავად დავიცვათ არჩევნებზე ჩვენი ხმა.
  3. როდესაც ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ხელისუფლება, ლუკაშენკას მსგავსად, არჩევნების მასობრივი გაყალბების გზას მიმართავს, შევქმნათ ყველა საფუძველი, რომ მათი ძალაუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არამხოლოდ მოქალაქეების, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მიერ.
  4. მოვუწოდოთ ოპოზიციურ პარტიებს:
    • გაერთიანდნენ ერთი ნომრის ქვეშ ან შექმნან მსხვილი პოლიტიკური ცენტრები, რათა არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა მაღალი ბარიერის გამო. ქვეყანაში არსებული უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი ისეთ ერთიანობას მოითხოვს, როგორიც ახლა ხალხში და ქუჩაშია.
    • შეთანხმდნენ იმ საკითხებზე, რაზეც მოსახლეობა უკვე თანხმდება – გაუქმდეს ყველა მავნებლური ინიციატივა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო, მაგალითად: რუსული კანონისა და ოფშორების კანონის გაუქმება; ევროინტეგრაციისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა; სასამართლოს, შსს-ს, პროკურატურისა და ცესკოს დეპოლიტიზება და სხვა.

სხვა სიახლეები