აცოცხლებს პოლიტიკურ დისკუსიას [დებს სამოქმედო გეგმას]
შეჩერებული პოლიტიკური დისკუსიის გამო, ამომრჩევლებს არ ეძლევათ საშუალება, რეჟიმის ცვლილების შემდეგ პოლიტიკური რეალობის შესახებ წარმოდგენა შეექმნათ. პრეზიდენტის ინიციატივას – შეიქმნას არჩევნების შემდგომი სამოქმედო გეგმა, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის მეტი სიცხადე შემოაქვს.
გვთავაზობს ‘ერთობას ერთიანობის გარეშე’
პრეზიდენტი პარტიებს მოუწოდებს, შექმნან ერთობა შინაარსის გარშემო და არა ერთი დიდი ოპოზიციური პარტია, რაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მოქალაქეებისთვის არჩევანის გაკეთებას გაამარტივებს. ქარტიის შეთანხმებით ცხადი ხდება ოპოზიციური პარტიების ერთიანი მიზანი – ევროპა და ქვეყნის დემოკრატიზაცია, თუმცა პარტიები არჩევნებზე ერთიანი ნომრით არ იასპარეზებენ. ამით პარტიებში მსჯელობის გაფართოებასა და ამომრჩეველთან საუბარს ეყრება საფუძველი.
რა წერია “ქართულ ქარტიაში?
პრეზიდენტის ქარტიაში გაერთიანებულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ევროინტეგრაციისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვისაა აუცილებელი.
- ქვეყნისთვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება
ევროპული კურსისთვის დამაზიანებელ კანონებში პრეზიდენტი მოიაზრებს: რუსულ კანონს, ოფშორების კანონს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების კანონს.
- საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება
სისტემის გაჯანსაღებისთვის ქარტია ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებას, ბარიერის დაწევას, პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას, დიასპორისთვის არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობას.
- რეფორმები
ქარტიით გათვალისწინებული რეფორმები შეეხება:
- სასამართლო სისტემას – სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან. შემოღებული იქნება საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა [გამოირიცხება განაწილებაში პოლიტიკური გავლენები], მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით თანამდებობის დაკავება, გაძლიერდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება მნიშვნელოვნად შემცირდება.
- სსუს/შსს – მათ საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი.
- პროკურატურას – გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი კვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით. გაძლიერდება საპროკურორო საბჭო.
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – გაძლიერდება და მიენიჭება რეალური დამოუკიდებლობა.
- ანტიკორუფციულ სააგენტოს – გამოიყოფა ხელისუფლებისგან და კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილება მიენიჭება.
- ეროვნულ ბანკს – დაუბრუნდება დამოუკიდებლობა საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით.
- მარეგულირებელ ორგანოებს – დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით.
- მთავრობას წარადგენს პრეზიდენტი
მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
- დაინიშნება ვადამდელი არჩევნები
ქარტიის მიხედვით, მასში ჩაწერილი პირობები შესრულდება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია უნდა შეუერთდეს “ქართულ ქარტიას” და შექმნას ღირებული შინაარსობრივი ერთობა ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.