“რა აზრი აქვს არჩევნებს”?

ქუჩაში პროტესტი უნდა გაგრძელდეს!

სწორედ ქუჩის პროტესტზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ქმედითი იქნება საერთაშორისო პარტნიორების ნაბიჯები, მაგალითად, სანქციების მიმართულებით. პროტესტზე გატარებულ ყოველ დღეს ქვეყნის დემოკრატიის გადასარჩენად უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

არჩევნები – 26 ოქტომბერი

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ძალაუფლების ბედს გადაწყვეტს.

თუმცა ჩნდება კითხვა, აქვს კი არჩევნებს აზრი თუ “ოცნებამ” კანონი ბოლომდე გაიტანა? და რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში?

მანამდე განვიხილოთ, თუ რაში დასჭირდა ხელისუფლებას რუსული კანონის შემობრუნება არჩევნებამდე 6 თვით ადრე?

რატომ რუსული კანონი?

  1. ავტორიტარულ რეჟიმს ჩვენი დემორალიზება და შარშანდელი პროტესტის წარმატების გაუფასურება სურს. ეს რუსული ხელწერაა.
  2. ხელისუფლებამ საკუთარი კვლევებითაც იცის, რომ არჩევნებში 50%-იანი მხარდაჭერის მოპოვების თეორიული შანსიც კი არ აქვს – ანუ მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. ამიტომ, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიას და არჩევნები უკონტროლო სივრცედ აქციოს.
  3. ივანიშვილის მიზანია, რომ ხელოვნურად მოსწყვიტოს არჩევნებისთვის მზადებას სამოქალაქო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

“თუ დაგვხურავენ, ექნება არჩევნებს აზრი?”

კი, ექნება. და რატომ?

  1. არ უნდა ავყვეთ ხელისუფლების მცდელობას, დაგვიკარგოს ცვლილებების მიმართ რწმენა. მათი მიზანი ზუსტად ის არის, რომ არჩევნებისთვის ველი მოისუფთავონ. ამიტომ, ის რესურსი, რომელიც ახლა ქუჩაშია, არჩევნების მოახლოების პარალელურად, ამ უკანასკნელისაკენ უნდა მივმართოთ.
  2. არჩევნებზე უნდა იყოს  რეკორდულად მაღალი აქტივობა, რათა გაყალბების მექანიზმები ვერ მოგვერიოს.

“თუ დაგვხურავენ, ექნება არჩევნებს აზრი?”

  1. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორგანიზაციების საქმიანობას ხელისუფლება პრობლემას შეუქმნის, ასი ათასობით ათასი ადამიანი, რომლებიც ყოველდღე ქუჩაში ღამეს ვათევდით, 26 ოქტომბერს ჩვენი ხმის დამცველებად ვიქცევით.
  2. თუ ივანიშვილი არჩევნებს უტიფრად გააყალბებს, ის ვერ მიიღებს ძალაუფლების ლეგიტიმაციას ვერც მოქალაქეებისგან და ვერც საერთაშორისო პარტნიორებისგან. თუ მას არავინ აღიარებს, ძალაუფლებასაც ვერ შეინარჩუნებს.

რა უნდა ვქნათ?

  1. იყავით მხნედ და გახსოვდეთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე “ქართული ოცნება” ან საპოლიციო ძალები. ჩვენ მხარეს სიმართლეა, მათ კი მხოლოდ შიში და ანგარება ამოძრავებთ.
  2. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იუმორის შეგრძნება, როცა პროპაგანდა სიგიჟეს რეალობად დაგისახავთ. ბრძოლა არ იქნება მარტივი, თუმცა გამარჯვება ამად ღირს!
  3. ეძებეთ თანამოაზრეები, გაიცანით ერთმანეთი აქციაზე და აქციის მიღმა. დაიწყეთ ორგანიზება იმ ჯგუფების გარშემო, რომლებთანაც ყველაზე მეტი საერთო გაქვთ.

რა უნდა ვქნათ?

  1. მოუწოდეთ პარტიებს, რომელთაც მხარს უჭერთ, რომ თქვენი დაკვეთა შეასრულონ – შექმნან ისეთი გაერთიანებები, რომ 5%-იანი ბარიერის გამო ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს.
  2. დაარწმუნეთ ყველა თქვენ გარშემო, რომ ეს არჩევნები საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და მასში მონაწილეობა აუცილებელია.
  3. მოუწოდეთ ემიგრაციაში მყოფ ნათესავებსა და მეგობრებს, რომ წინასწარ დაგეგმონ არჩევნებში მონაწილეობა.

რა უნდა ვქნათ?

  1. ხმა მიეცით ქართული ოცნების წინააღმდეგ. არ დაიზაროთ და დაარწმუნეთ ყველა, ვინც დღემდე “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, რომ მეოთხე ვადით მათი ხელისუფლებაში დარჩენა დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს დემოკრატიისთვისა და ევროინტეგრაციისთვის.
  2. დაიცავით საკუთარი ხმა, ამხილეთ ხელისუფლების ძალადობა, მოსყიდვა, შანტაჟი და გაყალბება. ამ ბრძოლაში ყველანი ერთად ვართ!

თუ იზიარებთ ჩვენს ხედვას და გინდათ, რომ ერთად ვიმოქმედოთ, შემოგვიერთდით და გაავრცელეთ ინფორმაცია!

გახსოვდეთ, რომ გავიმარჯვებთ ჩვენი სიმრავლით, რადგან – ძალა ერთობაშია!

სხვა სიახლეები