ბატონო ჩეფერინ, ქალბატონო ფეზერ,
საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა, რაც მთელი ერისთვის სასიხარულო ამბად იქცა; თუმცა, ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ეს საზეიმო განწყობა ერთბაშად ჩაახშო, ქვეყნის დემოკრატია და ევროპული მისწრაფებები კი ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ დააყენა.
ქართული საზოგადოება კანონს მკვეთრად ეწინააღმდეგება, რასაც 44 დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქციებიც ადასტურებს, რომელშიც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო ტალღას, თავის მხრივ, სასტიკად უპასუხეს სამართალდამცავებმა, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი, რის შედეგადაც ასობით მოქალაქე დაშავდა. დემონსტრანტების ცემამ და დაკავებამ ყოველდღიური ხასიათი შეიძინა. ამ დრომდე დაკავებულია 196 ადამიანი.
2024 წლის აპრილში მთავრობამ ხელახლა წარადგინა კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგია. ეს კანონი, რომელიც თავდაპირველად გასულ წელს დააინიცირეს, “ქართულმა ოცნებამ” დიდი საპროტესტო ტალღის ფონზე უკან გაიწვია. კანონი, თავისი არსით, უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც მედიის თავისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ჩვენს ევროპულ მომავალსა და ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობას. ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ კანონს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ევროკავშირის, ევროკომისიის, ევროპარლამენტარებისა და აშშ-ის მხრიდან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, და ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებიც, ამასთან, პარლამენტის წევრებიც არიან, კანონის მიღებას მხარი დაუჭირეს. კანონს მხარს უჭერს, მათ შორის, კახა კალაძეც, რომელიც თავისი ანტი-ევროკავშირული განცხადებებითა ცნობილი. კრემლის გავლენის ქვეშ მოქცეული მთავრობა ღიად ებრძვის ევროკავშირს, რაც ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს გეოპოლიტიკური საფრთხის წინაშე აყენებს.
ფეხბურთი ჩვენთვის ერთიანობის, სიმტკიცისა და იმედის სიმბოლოა. საქართველოს კვალიფიკაცია უეფას ევრო 2024-ზე კიდევ უფრო ამძაფრებს ეროვნული სიამაყის განცდას. მოვუწოდებთ უეფას, რომელიც სამართლიანობის, ინკლუზიურობისა და პატივისცემის პრინციპებისადმი მუდამ ერთგულია, ამ ბრძოლაში მხარი დაგვიჭიროს.
ვთხოვთ უეფას, დღის წესრიგში დააყენოს ჩვენი გამოწვევები. ეს გამარჯვება ქართველ ხალხს ეკუთვნის და ჩვენ გვჯერა, რომ კობიაშვილს და ყაველაშვლს – ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ კანონის მიღებაზე, მატჩებზე დასწრება უნდა შეეზღუდოთ. უეფას მხარდაჭერა გააძლიერებს ჩვენს მოწოდებას, სწრაფვას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლებისკენ საქართველოში.
გვჯერა, რომ სპორტს, განსაკუთრებით კი ფეხბურთს, დადებითი ცვლილებების მოტანა შეუძლია. ჩვენი მიზნების მხარდაჭერით, უეფას შეუძლია უზრუნველყოს, რომ ის საფრთხე, რომლის წინაშეც ხელისუფლებამ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი დააყენა, ვერ გადაფარავს ჩვენს ისტორიულ კვალიფიკაციას.
გთხოვთ, მხარი დაგვიჭროთ ჩვენი ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლაში.
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის,
პატივისცემით,
ქართველი ხალხი.