გამოწვევა მიღებულია

რუსული კანონი ძალაში შევიდა. “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ახლა საფრთხეში თითოეული ჩვენგანისა და, შესაბამისად, საქართველოს მომავალია, ამიტომ გამოწვევა მიღებულია. თუ აქამდე ჩვენი მიზანი რუსული კანონის გაუქმება იყო, ახლა ჩვენ ხელისუფლების ცვლილებისთვის ვერთიანდებით, რასაც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე მივაღწევთ.

  1. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ძალაუფლებას არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნებს. წელს არჩევნებში მონაწილეობას რეკორდულად მაღალი რაოდენობის მოქალაქე მიიღებს და ამ გზით ჩვენ ვაჯობებთ “ქართული ოცნების” გაყალბების მექანიზმებს.
  2. თუ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულები მათ დაუჭერენ მხარს, ჩვენ დავანახებთ, რომ ისინი საქართველოს ემსახურებიან და არა “ქართულ ოცნებას”.
  3. თუ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ დაშინების, მოსყიდვისა და ძალადობის გზით შეუძლია მხარდაჭერის მოპოვება, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ სამშობლოს სიყვარული არ იყიდება.
  4. თუ ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია ქართველი ემიგრანტები, საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები ერთი მილიონი ქართველი ანახებს, თუ რა ძალა აქვს თითოეულ მოქალაქეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

თუ ხელისუფლება რუსულ რეჟიმს გვთავაზობს, ჩვენ მხოლოდ ევროკავშირსა და დემოკრატიულ საქართველოს ავირჩევთ.

არჩევნებში გამარჯვებისთვის მოქალაქეების საერთო ძალისხმევაა საჭირო – თითოეული ჩვენგანის, რომელიც თვენახევარი ქუჩაში ვიბრძოდით ან მხარს ვუჭერდით პროტესტს, საქართველოში და მის საზღვრებს მიღმა.

გახსოვდეთ, რომ გავიმარჯვებთ ჩვენი სიმრავლით, რადგან ძალა ერთობაშია.

სხვა სიახლეები