2023 წლის შეჯამება

2023 წელი დასასრულს უახლოვდება. ამ წელს არაერთ წარმატებას მივაღწიეთ:

  • მარტში “ქართული ოცნების” ინიცირებული რუსული კანონი ჩავაგდეთ და ასე დავიცავით საქართველოს ევროპული მომავალი.
  • ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის წამალი დაიდო.
  • ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და კანდიდატობა მოვიპოვეთ.
    მართლაც, საზეიმო ბევრი გვქონდა, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ:
  • ხელისუფლების უმოქმედობის გამო, ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს კლავენ და ე.წ. “საზღვრისპირა” სოფლებში მოსახლეობა დაუცველია.
  • ლაზარე გრიგორიადისი, ლაზარე აროშვილი და ზურა ნიჟარაძე მჩაგვრელი სისტემის ტყვეობაში უსამართლოდ იმყოფებიან.
  • სასამართლოს მმართველი კლანი საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერაა სანქცირებული.
  • ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტობაშია მხილებული.
  • გელათის მემკვიდრეობის განადგურების პარალელურად, კულტურა ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებს განიცდის.
  • შოვში მომხდარმა ტრაგედიამ ნათლად გვაჩვენა, რომ ფული, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებას უნდა ხმარდებოდეს, ჩინოვნიკების კეთილდღეობას ხმარდება.
    პრობლემების სია უფრო გრძელია, თუმცა თითოეულ მათგანს ერთი გადაწყვეტა აქვს.
    წინა წლებთან შედარებით, გასულ წელს ქუჩაში მრავალრიცხოვანი აქციები არ გაგვიმართავს. როგორც წესი, ასე ვამყარებდით კომუნიკაციას ქართველ ხალხთან და ერთად ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის. ბრძოლა არცერთი წამით არ შეწყვეტილა – მუდამ ვიდექით ქართველი ხალხის გვერდით უსამართლობისა და რუსული ძალმომრეობის წინააღმდეგ, ევროპული მომავლის დასაცავად.
    ჩვენი სამუშაოს დიდი ნაწილი ორგანიზაციულ გაძლიერებასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას დავუთმეთ. გვჯერა, რომ ოქტომბერში გასამართ არჩევნებს საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობა ექნება. ქართველმა ხალხმა საკუთარი გაცხადებული და მრავალგზის დაცული ევროპული არჩევანი ფორმალურადაც უნდა გააფორმოს.
    ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და ეს ერთად შეგვიძლია!
    გილოცავთ ახალ წელს, შევხვდებით 2024-ში! 🇬🇪✊
    📸 Raymond Red Rodgers

სხვა სიახლეები