ვეხმაურებით “ნატოს” გენერალური მდივნის ვიზიტს საქართელოში

ვეხმაურებით “ნატოს” გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართელოში.

საქართველოსა და “ნატოს” მრავალწლიან ურთიერთობაში ამჟამად ბუნდოვანებაა. ერთი მხრივ, ორ ათწლეულზე მეტია, საქართველო “ნატოსკენ” მიმავალ გზაზე პროგრესირებს – მონაწილეობს “ნატოს” სამხედრო მისიებსა და ერთობლივ სწავლებებში, მრავლდება თანამშრომლობის ფორმატები. ქართველი ხალხი ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ინსტრუმენტად სწორედ “ნატოს” წევრობას მიიჩნევს, რაც გაწევრიანების სტაბილურად მაღალ მხარდაჭერაში გამოიხატება.

მეორე მხრივ, შემაშფოთებელია “ნატოსთან” დაკავშირებით “ქართული ოცნების” ხელისუფლების რიტორიკა და მათი გადადგმული ნაბიჯები. 2023 წელს, ბრატისლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა და მმართველი პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა სწორედ “ნატოს” დაუკავშირა და რუსული პროპაგანდის გზავნილი მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან გაიმეორა.

რიტორიკის მიღმა, ვხედავთ მიდგომას, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების ნაცვლად, “ბათინკების” შეძენაზეა ფოკუსირებული. 2024 წელს თავდაცვის ბიუჯეტის 1.370 მლრდ ლარამდე გაზრდის მიუხედავად, ამ თანხიდან თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას მხოლოდ 230 მლნ ლარი მოხმარდება, დანარჩენი თანხა კი ხელფასებზე, ლოჯისტიკაზე, სოციალური და ინფრასტრუქტურული გარემოს გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა საგანგაშო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურად დაასაქმა რუს ოლიგარქებთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელიც 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურაში მრჩევლად მუშაობდა.

12-წლიანი მმართველობის განმავლობაში ხელისუფლება ჯარის გაძლიერებას თავს მიზანმიმართულად არიდებს და არგუმენტად რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა მოჰყავს. სინამდვილეში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ხანგრძლივი მშვიდობის მოტანა სწორედ “ნატოსა” და ევროკავშირის წევრობას შეუძლია.

დაკავშირებული თემები