რა გვჭირდება გამარჯვებისთვის?

ყველა ვხედავთ თუ რად აქცია  ხელისუფლებამ ჩვენი ყოველდღიურობა. ეს არის დაჭერები, მოქალაქეებთან რეკვა და დაშინების მცდელობა, დაქირავებული ჯგუფების ძალადობა, ჯარიმები დაკავებულების წინააღმდეგ. რუსული კანონით ამზადებენ საფუძველს ორგანიზაციების დასახურად, რომლებმაც არჩევნები უნდა დაიცვან. 

ამას ემატება სამთავრობო პროპაგანდა, რომელიც ყოველდღე ახალ სიგიჟეს ამზადებს საინფორმაციო ველისთვის. ვდარდობთ ჩვენი, ჩვენი ოჯახების და ზოგადად ქვეყნის მომავალზე. რეალურად ხელისუფლების მიზანია, რომ მუდმივ შფოთში, შიშში და დაბნეულობაში ვიცხოვროთ და არაფუნქციურები გაგვხადოს.

თუმცა ივანიშვილის რეჟიმში ახალი არაფერია, ის ყველა სხვა ავტორიტარი მმართველის გზას გადის. ამიტომ თუ გვეცოდინება რა არის ავტორიტარების სამოქმედო ტაქტიკა წინასწარ, გვეცოდინება, როგორ შევხვდეთ მას მზად.

ერთ-ერთი მთავარი რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ შეგვიძლია, ყველა გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციოთ! “ქართულმა ოცნებამ” არჩევანის წინაშე დაგვაყენა რუსეთი თუ ევროკავშირი, ამიტომ მივიღოთ ევროკავშირი.

ჩვენი უპირატესობა ჩვენი სიმრავლე და სიმართლეა. ამას ყოველდღე ვხედავთ ქუჩაში. მხოლოდ თბილისში, აქციაზე 300 ათასამდე ადამიანი გამოდის. მათ უკან კი ოჯახებია, რომლებიც პროტესტს მხარს უჭერენ. იგივე მუხტია მთელ საქართველოში.

თუ მაგალითად ხელისუფლების მიზანი იმ ორგანიზაციების დახურვაა, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან, რა გვიშლის ხელს, რომ ასი ათასობით ადამიანმა, რომლებიც ყოველდღე ქუჩაში ვართ, ჩვენი ხელით დავიცვათ ჩვენი ხმა არჩევნებზე? 

ვხედავთ, რომ რეპრესიები ინდივიდების მიმართ უკვე დაწყებულია და ეს არ შეჩერდება “ქართული ოცნების” ხელისუფლების შეცვლამდე. მაგრამ თუ თითოეული მოქალაქე აქტიურად ჩავერთვებით პროტესტსა და არჩევნებში, იცოდეთ, რომ ვერ მოგვერევიან.

მანტრასავით უნდა გვახსოვდეს, თუ რა უნდა ვქნათ, რომ ხელისუფლება შევცვალოთ:

  1. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე “ქართული ოცნება” ან საპოლიციო ძალები.
  2. შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ასევე იუმორის შეგრძნება, როცა პროპაგანდა ეცდება, რომ მორიგი სიგიჟე დაგვაჯეროს.
  3. ვეძებოთ თანამოაზრეები, გავიცნოთ ერთმანეთი აქციაზე და აქციის მიღმა. დავიწყოთ ორგანიზება იმ ჯგუფების გარშემო, რომლებთანაც ყველაზე მეტი საერთო გვაქვს.
  4. მოვუწოდოთ ოპოზიციურ პარტიებს, შექმნან ისეთი გაერთიანებები, რომ 5%-იანი ბარიერის გამო ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. ჩვენ არ უნდა გვიწევდეს მათემატიკური გამოთვლების კეთება, თუ ვის აქვს შანსი, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახოს.
  5. ასევე, დავარწმუნოთ ყველა ჩვენ გარშემო, რომ არჩევნებზე მივიდნენ, რადგან არჩევანს საქართველოს ევროპულ მომავალსა და რუსულ მმართველობის სტილს შორის ვაკეთებთ.
  6. დავუკავშირდეთ ემიგრაციაში მყოფ ნათესავებსა და მეგობრებს და დაარწმუნეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა უკვე დაგეგმონ.
  7. დავარწმუნოთ ყველა, ვინც დღემდე “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, რომ მეოთხე ვადით მათი ხელისუფლებაში დარჩენა დამღუპველი იქნება საქართველოსთვის.
  8. და ვამხილოთ ხელისუფლების მხრიდან ძალადობა, მოსყიდვა, შანტაჟი და გაყალბება.

რეალურად ხელისუფლება ადამიანების მცირე ჯგუფია. მათ ხელისუფლებად ხალხი ხდის, ლეგიტიმაციას ჩვენ ვაძლებთ. თუ ისინი არჩევნებს გააყალბებენ და ამით ეცდებიან ძალაუფლების შენარჩუნებას, ეს არ გამოუვათ, რადგან მათ არ აღიარებს არც ხალხი და არც საერთაშორისო პარტნიორები. ამის გარეშე კი, ხელისუფლება ხელისუფლება ვერ იქნება.

ახლა რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ორგანიზებული მუშაობაა, ამიტომ ამ ვიდეოს ქვემოთ ნახავთ მოხალისეთა სარეგისტრაციო ბმულს და შეავსეთ, თუ გინდათ, რომ ერთად ვიბრძოლოთ.

და გახსოვდეთ, რომ გავიმარჯვებთ ჩვენი სიმრავლით, რადგან ძალა ერთობაშია!

სხვა სიახლეები