5 ივლისიდან ორი წელი გავიდა. დღეიდან, როცა დედაქალაქის ქუჩებში “ქართული ოცნების” დაქვემდებარებაში მყოფმა ჯგუფებმა ჟურნალისტების, აქტივისტებისა და მოქალაქეების ძალადობრივი დარბევა მოაწყვეს. 5 ივლისამდე პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები პირდაპირ მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს ძალადობისკენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქომ შეკრებას მხარი დაუჭირა, მოუწოდა მრევლს რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ, რითიც შემდგომ განვითარებული მოვლენების უშუალო მონაწილე გახდა. მოძალადეებს ხელფეხი გაუხსნა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებამ. მთელი დღის მანძილზე, ძალადობის მიმდინარეობისას, პუტინისტები ლოჯისტიკურ დახმარებას იღებდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან.
ორი წლის თავზე, ჩადენილი დანაშაულების არც ერთი უშუალო ორგანიზატორი დასჯილი არაა. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებული ირაკლი კობახიძის თქმით, “5 ივლისის დანაშაულს ორგანიზატორები არ ჰყავდა”.
ეს განცხადება ხელისუფლების მხრიდან პრორუსი მოძალადეებისთვის ხელის დაფარებას ისახავს მიზნად. ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მოუწოდა კონსტანტინე მორგოშიამ დარბევაში მონაწილე პირებს, რომ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან გადაენაცვლათ. ადგილზე მისვლისთანავე მათ ოფისის სადარბაზოს კარი შეამტვრიეს და ოფისისკენ დაიძრნენ. სადარბაზოში დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რასაც რამდენიმე დღის შემდეგ მისი გარდაცვალება მოჰყვა.
საქართველოში აუცილებლად დადგება დღე, როცა თითოეული მოძალადე და ორგანიზატორი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება და კანონის შესაბამისად დაისჯება.