მოძრაობა “სირცხვილია” რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესახებ

მოძრაობა “სირცხვილია” 11 ნოემბერს რამდენიმე სახის კლუბური ნარკოტიკის ფლობის გამო ზურა ნიჟარაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება:

ზურა ნიჟარაძე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მორიგი მსხვერპლია, რადგან მას არაპროპორციული სასჯელი – 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ხელისუფლება არსებულ ნარკოპოლიტიკას არა საზოგადოებრივი სიკეთის, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ნარკოტიკის ის მცირე ოდენობა, რომელიც შსს-ს მტკიცებით, მას უპოვეს, მხოლოდ პირადი მოხმარებისთვისაა საკმარისი. თუმცა საქართველოს ნარკოპოლიტიკა ორიენტირებულია დასჯაზე და ის ათწლეულების განმავლობაში იქცა ხელისუფლების იარაღად საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
ზურა არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩართული იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის ბრძოლაში. აქტიური იყო სოციალურ ქსელშიც პროტესტისა და კრიტიკის გამოხატვის კუთხით.

მისი კრიტიკული განწყობა ხელისუფლებისადმი და 2024 წლის არჩევნების მოახლოება გვარწმუნებს, რომ ხელისუფლება კვლავ ინტენსიურად გამოიყენებს ნარკოპოლიტიკას ადამიანების დასაშინებლად, დასასჯელად და ხმების მობილიზებისთვის.

ახლა ზურას და მის ოჯახს მხარდაჭერა სჭირდება, რათა მან სათანადოდ შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა.

სხვა სიახლეები