მოძრაობა “სირცხვილია” მხარდაჭერას უცხადებს Tbilisi Pride-სა და Pride Fest-ის ყველა ორგანიზატორსა და მონაწილეს. ეს დღე არა რომელიმე ჯგუფისა თუ ორგანიზაციის მარცხის, არამედ ხელისუფლების მხრიდან ავტორიტარიზმის დეკლარირების ახალი სიმბოლოა.
საქართველოს ხელისუფლებამ დღეს გვაჩვენა, რომ ის კვლავ რუსული პოლიტიკის კვალს მიჰყვება და მისი პირდაპირი მიზანი სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის გზით დემოკრატიის განადგურებაა.
მათ 2021 წლის 5 ივლისს გვითხრეს, რომ ქუჩაში ვერ გავივლიდით. წელს გვითხრეს, რომ კერძო ტერიტორიაზე დახურულ ღონისძიებას ვერ ჩავატარებთ, რადგან ისინი არათუ დგანან მოძალადეების გვერდით, არამედ თავად არიან ამის ორგანიზატორები.
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების რეპრესია შესაძლოა დღეს ყველაზე ცხადად უმცირესობების და ოპონენტების შევიწროებით გამოიხატება, თუმცა, ვიცით, რომ ყველა რეჟიმი ასე იწყება და ის, ადრე თუ გვიან, თითოეულ მოქალაქეს შეეხება. შესაძლოა ყველაზე გვიან ეს სწორედ ხელისუფლებისა და ძალადობის მომხრეებს შეეხოთ, მაგრამ, როდესაც ეს მოხდება, რეჟიმი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი იქნება.
ამიტომ, დღეს საფრთხე არა რომელიმე უმცირესობას, არამედ ყველა ჩვენგანს ემუქრება და ეს საფრთხე არსად გაქრება მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ შეიცვლება.