2019 წლის 93 დღიან პროტესტს, რომელიც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში ვიზიტს მოჰყვა, სამი მოთხოვნა ჰქონდა. მათგან მთავარი 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო. მოთხოვნა შემდეგი მიზეზების გამო დადგა:
- პროპორციული საარჩევნო სისტემა აყალიბებს მრავალპარტიულ სისტემას, მაჟორიტარული კი ორპარტიულ სისტემას წარმოშობს. პროპორციული სისტემის პირობებში პარლამენტში უფრო მეტი პარტიაა წარმოდგენილი, ვიდრე მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში;
- პარტიების მიერ მიღებული ხმებისა და ადგილების არაპროპორციულობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში;
- სისტემა გამორიცხავს, რომ პარტია, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე ნაკლებს იღებს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ¾-ით შევიდეს;
- პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში მთავრობა ძირითადად კოალიციურია. მაჟორიტარული და შერეულ-მაჟორიტარული სისტემის პირობებში კი თითქმის ყოველთვის ერთპარტიული;




დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითქმის ყველა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პრობლემის სათავე ერთმმართველობა იყო. ეს ტვირთი ისე მძიმედ აწვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, როგორც ოკუპაცია – საგარეო პოლიტიკას; ამიტომ 2019 წლის ტრაგიკული 20 ივნისის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ სწორედ სრულად პროპორციული არჩევნები მოთხოვა ხელისუფლებას – რეფორმა, რომელიც არა მხოლოდ აწმყოში უკონტროლო და დაუბალანსებელ ძალაუფლებას შეზღუდავდა არამედ სამუდამოდ დაიცავდა ქვეყანას ერთმმართველობისაგან. 100 წლის შემდეგ, ვესწრაფვით იმავეს, რაც წესით 1921 წლის კონსტიტუციით გვქონდა გარანტირებული – პროპორციულ არჩევნებს, ნამდვილ თვითმმართველობას და სასამართლოს. სწორედ დაბალანსებული ძალაუფლება იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი მამების ხედვა საქართველოსთვის. ამ ხედვას საზოგადოება, საბედნიეროდ, დღემდე იზიარებს. ეს კი ქვეყნის განვითარების მტრების მიერ წახალისებული პოლარიზაციის პირობებში იშვიათი კონსენსუსია.
პროპორციული საარჩევნო სისტემის ს პოპულარიზაციაში “სირცხვილიას” უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. ონლაინ სივრცესა და ქუჩის პროტესტისას წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად, NDI-ის 2019 წლის ივლისის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 68%-მა იცოდა ქართული ოცნების პირობის შესახებ 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე, 85% კი პროპორციულ სისტემას მხარს უჭერდა.
მოთხოვნის შესრულების დაპირება ქართულმა საზოგადოებამ 24 ივნისს, პროტესტის მეოთხე დღეს თავად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო.
“ერთად ერთის წინააღმდეგ”

2019 წლის 14 ნოემბერს მმართველმა პარტიამ გაცემული დაპირება უკან წაიღო. მაჟორიტარებმა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევიან, მონაწილეობა მიიღეს ოლიგარქისვე დადგმულ წარმოდგენაში – უნიჭოდ შეასრულეს ბელადთან დაპირისპირებულების როლი და ჩააგდეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი – საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონოპროექტი. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა, ცვლილებებს კი მხარი მხოლოდ 101-მა დაუჭირა.
ბიძინა ივანიშვილის მორიგმა ტყუილმა და უკან წაღებულმა პირობამ პროტესტის ახალი ტალღა ააგორა. კამპანიამ “ერთად ერთის წინააღმდეგ” სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა. ქართული ოცნების უმრავლესობა 15-ზე მეტმა დეპუტატმა დატოვა, ოპოზიციამ კი პარლამენტის მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა.
14 ნოემბრის საღამოსვე “სირცხვილიამ” პარლამენტთან აქცია გამართა, სახელით – “დავიბრუნოთ ქვეყანა”, 15 ნოემბერს კი გამოვიდა წინადადებით, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მხარი დაეჭირათ საარჩევნო სისტემის კომპრომისული – “გერმანული მოდელისთვის”. რამოდენიმედღიანი საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ, ოპოზიცია მოთხოვნას შეუერთდა, ხელისუფლება კი მხოლოდ 29 ნოემბერს დათანხმდა. ორგანიზებული გამოსვლებისა და საერთაშორისო წნეხის შედეგად ხელისუფლებამ მზაობა გამოთქვა დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ოპონენტებს შეხვედროდა, რათა ე.წ. გერმანული მოდელის თაობაზე ემსჯელა.
თუმცა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც არ ითვალისწინებდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, ბადებდა საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება პროტესტის ვიწროპარტიულ ინტერესად წარმოჩენას ცდილობდა.

პროტესტის კულმინაცია 18 ნოემბერი იყო, დღე, როცა პარლამენტის ბიუროს, შემდეგ კი პლენარული სხდომა დაინიშნა. წინა საღამოს “სირცხვილიას” აქტივისტებმა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის პიკეტირების გადაწყვეტილება მიიღეს. დემონსტრანტებმა პარლამენტთან მისასვლელი სამანქანო გზები ჩახერგეს და კარვები გაშალეს. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობის ოთხივე მხარეს მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.
დღის 12:00 საათზე ჩანიშნული ბიუროს სხდომა ვერ გაიმართა. დეპუტატებმა შენობაში შესვლა უშედეგოდ სცადეს. დემონსტრანტები მათ შეძახილებით დახვდნენ. 13:00 საათზე შსს-მ განაცხადა, რომ მშვიდობიანმა აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, აქციის მონაწილეთა ქმედება გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, ვინაიდან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება კანონს არღვევს და აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია რეაგირებას მოახდენდა.
16:00 საათზე პოლიციამ დემონსტრანტებს ადგილის გასათავისუფლებლად 30 წუთი მისცა. გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანები და ასობით სპეცრაზმელი. პოლიციელებმა დაიწყეს კარვების აღება. დააკავეს 37 ადამიანი, მათ შორის, “სირცხვილიას” წევრები ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და დაჩი იმედაძე. საბოლოოდ, ძალოვანებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს და ბიუროს სხდომაც სწორედ ამის შემდეგ ჩატარდა.
















25 ნოემბრისთვის კიდევ ერთი დიდი აქცია ჩაინიშნა ღამისთენებით. ხელისუფლებამ ისევ სცადა დემონსტრანტებისთვის ხელოვნური წინააღმდეგობის შექმნა და ორგანიზატორებს აქციაზე გასათბობად შეშის შეტანის უფლება არ მისცა. პოლიციამ პროტესტზე მომსვლელი მოქალაქეების ჩხრეკა და შეშის ჩამორთმევა დაიწყო. დილის 04:00სთ-ზე გამოჩნდნენ წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმელები.
27 ნოემბერს საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი თბილისში საპროტესტო აქციების დაშლას გამოეხმაურა. მათ ყურადღება გაამახვილეს, რომ 18 და 26 ნოემბერს, აქციების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა დაბალი ტემპერატურის (-1 °C) დროს და აღნიშნული არ იყო არც „პროპორციული და არც აუცილებელი“ ქმედება.
“თითქმის პროპორციული”

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით, მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გაიმართა.
საბოლოოდ, 2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რის მიხედვითაც:
- 2020 წლის ოქტომბერში ქართველი ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული ფორმით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად).
- პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება;
- აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ “თითქმის პროპორციული” სისტემით ჩატარდა. ამასთანავე, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. “სირცხვილია” მომდევნო წლებშიც არაერთხელ დაუბრუნდა პროპორციული არჩევნების თემას, მათ შორის, დაბალი ბარიერის მოთხოვნით.


