დაბალი საარჩევნო ბარიერი

დაბალი საარჩევნო ბარიერი

მოძრაობა სირცხვილიამ კამპანია „2024 – 2%-იანი ბარიერით“ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო. კამპანიის მთავარ მიზანს ქვეყანაში დაბალი ბარიერის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინფორმირებულობა და მათი გააქტიურება წარმოადგენს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მრავალფეროვანი პარლამენტი ქვეყნისთვის პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. 2%-იანი საარჩევნო ბარიერი მოგვცემს პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების შესაძლებლობას, შეზღუდავს ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების მიერ ძალაუფლების მიტაცების საფრთხეს და დაგვაახლოებს ევროპულ დემოკრატიებთან.

კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ შეიმუშავა პეტიცია „დაუჭირე მხარი დაბალ საარჩევნო ბარიერს“! და სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით განაგრძობს მოსახლეობის ინფორმირებას.

2%-იან საარჩევნო ბარიერზე ოფიციალური ჩანაწერი პირველად ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტში გაჩნდა, სადაც პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ 2020 წელს არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მომავალი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული იქნებოდა, შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ბარიერი ბუნებრივიდან 2%-მდე განისაზღვრებოდა.

19 აპრილის შეთანხმება “ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის აგვისტოში ანულირებულად გამოაცხადა, თუმცა მმართველი პარტია იძლეოდა პირობას, რომ ბარიერს 2%-მდე მაინც დასწევდა – 2021 წლის სექტემბერში პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილება საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარების შესახებ. მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენა აღარ ჩატარებულა.

2022 წლის ივლისში საგანგებო ბრიფინგზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნები 2%-იანი ბარიერით იმ შემთხვევაში ჩატარდებოდა, თუ ქვეყანა დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. 2022 წელს საქართველომ სტატუსის დაპირება და 12 რეკომენდაცია, 2023 წლის ნოემბერში კი ევროკომისიის დადებითი დასკვნა მიიღო. მმართველი პარტია ბარიერის დაწევაზე მსჯელობას აღარ აპირებს.