5 მარტი, 2023
რეზო ბაბუსთვის
67 წლის რევაზ ბოჭორიშვილი 2019 წლის პროტესტის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ სახედ იქცა. თუ ერთხელ მაინც დასწრებიხართ “სირცხვილიას” აქციას, აუცილებლად შეამჩნევდით პარლამენტის კიბეებთან მდგარ ადამიანს, რომელიც ამაყად, დაუღალავად და ჯიუტად აფრიალებდა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს დროშებს, თავისთან იხმობდა ახალგაზრდებს და ცოტა ხნით მედროშედ აქცევდა ხოლმე. ამბობდა, რომ ისინი მომავლის მედროშეები უნდა გამხდარიყვნენ.
2020 წლის დასაწყისში რეზო ბაბუს ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა და აპრილში პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. რამოდენიმე წლის განმავლობაში მისი მდგომარეობა არაერთხელ გაუარესდა და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა. ეს ყველაფერი დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ოჯახს კი ამის რესურსი არ გააჩნდა.
ამიტომ ჩვენი აქციების ერთგული მონაწილისთვის სასხრების სასწრაფოდ მოსაძიებლად არაერთხელ მივმართეთ საზოგადოებას და მათთან ერთად შეგროვებული თანხით ვეცადეთ გვერდში დავდგომოდით რეზო ბაბუსა და მის ოჯახს.
რეზო ბაბუ 2023 წლის 3 მარტს გარდაიცვალა.
მას სწამდა თავისუფალი, გამთლიანებული და ევროპული საქართველოს იდეის და მიიჩნევდა, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა თითოეული პატრიოტის ვალია. მან კი თავისი ვალი რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს, 20 ივნისს და საქართველოსთვის სხვა უმნიშვნელოვანეს დღეებში მოიხადა.
რეზო ბაბუს ვპირდებით, რომ მის მიერ აღმართული დროშა მუდამ ღირსეულად და ამაყად იფრიალებს თავისუფალ საქართველოში.