ოკუპაციის 100 წელი

ოკუპაციის 100 წელი

2021 წლის 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის თავზე, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დაორგანიზებული დემონსტრაცია გაიმართა, რომლისთვისაც მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. შეიქმნა ვიდეორგოლები და საინფორმაციო ქარდები, რომლის მიზანსაც საზოგადოებისთვის რეპრესიების შედეგების შეხსება და მათთვის ნაკლებად ცნობილი ისტორიული ფაქტების გაზიარება წარმოადგენდა.

პარალელურად, ორგანიზაციის რეგიონული აქტივისტების ქსელის საშუალებით, საქართველოს ცენტრალურ ქალაქებში გაკეთდა სტენსილები და გავრცელდა პოსტერები – სლოგანებით – „ოკუპაციის 100 წელი“, “Never Back to USSR”.

კამპანიის ერთერთი მთავარი სლოგანი “Never Back to USSR”-ი იქცა, რომელიც აქტუალობას არც დღევანდელობაში კარგავს და ანტისაოკუპაციო, ანტირუსული განწყობების გააქტიურებისას კვლავ გამოიყენება. “Never Back to USSR”-ი ვლადიმირ პუტინის სიტყვებზე ორგანიზაციის პასუხს წარმოადგენს, სადაც დიქტატორმა საჯაროდ განაცხადა, რომ “საბჭოთა კავშირის დაშლა საუკუნის ტრაგედიას” წარმოადგენდა.

დემონსტრაცია “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან” თანამშრომლობით განხორციელდა. სწორედ მათ მიერ, არქივიდან მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ იხილეს საბჭოთა კავშირის სისასტიკე და მოისმინეს ქართველი გმირების თავდადებული ბრძოლის შესახებ.

ამავე აქციაზე, ორგანიზაციამ მოითხოვა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქის გასათავისუფლებლად ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა.