ჰელფები H-Elfs 

ჰელფები H-Elfs 

2020 წელს პანდემიამ საქართველოში მწვავე ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, რამაც კიდევ უფრო გააუარესა COVID19-მდე არსებული სოციალური ფონი. 2019 წელთან შედარებით ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა დამატებით 100 ათასი მოქალაქე აღმოჩნდა.

ამას დაემატა ხელისუფლების მხრიდან გაუაზრებელი და უშედეგო შეზღუდვები. 2020 წლის 9 ნოემბრიდან კოვიდ პანდემიის გამო საქართველოში კომენდანტის საათი დაწესდა და ჯამში 9 თვე, 30 ივნისამდე გაგრძელდა. მოქალაქეებს გარეთ გასვლა სხვადასხვა პერიოდში 21:00, 22:00 ან 23:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ.

ქვეყანაში შექმნილი მწვავე ეპიდემიური და მძიმე ეკონომიკური ფონის შესამსუბუქებლად ,,მოძრაობა სირცხვილიამ” მნიშვნელოვანი სოციალური კამპანია ,,ჰელფები” აწარმოა. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის წევრები სხვა მოხალისეებთან ერთად საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით დახმარება გაუწიეს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს – მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, შშმ პირებს და ა.შ.

საქველმოქმედო ინიციატივის განხორციელება 2020 წლის 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიაში ჩაერთო: 2,000-მდე მოქალაქე, ვინც თუნდაც 1 ლარი ჩარიცხა ანგარიშზე; 50-ზე მეტი დონორი კომპანია, ვინც უზრუნველყო პროდუქტების გადმოცემა, მათი დასაწყობება, ტრანსპორტირება და სხვა საჭიროებები. საქველმოქმედო პროექტს ჰქონდა სოციალური კამპანიის სახე, რომელშიც 200-მდე მოხალისე “ჰელფი” გაერთიანდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

Საბოლოო ჯამში, დეკემბერსა და იანვარში მოძრაობა ‘’სირცხვილია” მოქალაქეების მიერ აგროვებული თანხით, მოხალისე ჰელფებისა და კომპანიების დახმარებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 50-მდე თავშესაფარს და 3,000-მდე ოჯახს ესტუმრა პირველადი პროდუქტებითა და სხვადასხვა საჭიროებით.