15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, კლინიკაში 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
მოზარდმა თვითმკვლელობა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა, სადაც მას სკოლის კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდნენ.
არასრულწლოვანთან გასაუბრება დაახლოებით ექვსსაათნახევარი მიმდინარეობდა და ის დაწესებულებაში ღამის თორმეტის ნახევრამდე იმყოფებოდა, ანუ გამოკითხვის და გასაუბრების პროცესი გრძელდებოდა ხანგრძლივი ვადით, მათ შორის ღამის საათებში.
პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ოთახები, გამოკითხვა მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში. ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა ლუკა სირაძეს უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, პრობლემები შეექმნებოდა. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეებიც დაუპირისპირა, მათ შორის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და სხვა არასრულწლოვნები.
ტრაგედიიდან მალევე ქუჩებში გაჩნდა წარწერები “ამ ცხოვრების დედაც.” მოზარდი პოლიციაში სწორედ ამ ფრაზის სკოლის კედლებზე მიწერის გამო მოხვდა, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება კი დაკითხვის სისასტიკემ მიაღებინა. მოგვიანებით ლუკას სიტყვებმა ფორმა იცვალა და ის მოძალადე სისტემის წინააღმდეგ სლოგანად იქცა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სპონტანურად გაკეთებულ წარწერებს “ამ სისტემის დედაც!” დღესაც შეხვდებით სხვადასხვა ადგილას.
2020 წლის სექტემბერში მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გამომძიებლებიდან მხოლოდ ერთს, მარიანა ჩოლოიანს, თუმცა მან პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე, 2021 წლის 4 აგვისტოს დატოვა. ჩოლოიანი უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.