წინ არჩევნებზე!

წინ არჩევნებზე!

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა ცესკოს (საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია) მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობა, არჩევნები კი სტანდარტებთან შესაბამისობის ზღვარზე ჩატარდა. ცესკოს მხრიდან დარღვევებზე არასათანადო რეაგირება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ მთავარ ფაქტორად იქცა. ამ და სხვა გარემოებების გამო, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა. ორგანიზაციამ ხალხისთვის სწორედ ამ მნიშვნელობის ახსნა დაისახა მიზნად და საინფორმაციო კამპანია – “წინ არჩევნებზე!” წამოიწყო.

სამოქალაქო საარჩევნო კომისია (CEC)

„წინ, არჩევნებზე“! – კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და განხორციელდა ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტი – სამოქალაქო საარჩევნო კომისია. სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიზანს, არჩევნებში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით – გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება წარმოადგენდა. მიზნის მისაღწევად, ორგანიზაციამ შეიმუშავა წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რაც საშუალებას იძლეოდა არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლისა და დროულად გამოქვეყნების შესაძლებლობას. სამოქალაქო საარჩევნო კომისია წარმოადგენდა საარჩევნო ხმების ალტერნატიული დათვლის მექანიზმს, რომლის შედეგები და შეფასება მიეწოდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს. სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ მოიცვა რამდენიმე ათასი საარჩევნო დამკვირვებელი და მოხალისე საქართველოს რეგიონების მასშტაბით.

დეცენტრალიზაციის მემორანდუმი

კამპანია „წინ არჩევნებზე“! ასევე მოიცავდა პოლიტიკური ერთობის შექმნის ინიციატივას, რის შედეგადაც, დარგობრივი ექსპერტების ჩართულობით, შემუშავდა დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის მოწყობის ხედვა, რომელიც პოლიტიკის დოკუმენტთან ერთად მანიფესტში აისახა.
მანიფესტს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა ლიდერებმა 7 პარტიიდან – რესპუბლიკური პარტია, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, ლელო საქართველოსთვის, სტრატეგია აღმაშენებელი, თავისუფალი დემოკრატები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

სუს-ტემა უნდა დაინგრეს!

2021 წლის არჩევნები არა ცესკო-მ, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა. კამპანიის ერთერთი სამიზნე სწორედ სუს-ი გახდა, რომლის შენობასთანაც მოძრაობამ საპროტესტო მსვლელობა – „სუს-ტემა უნდა დაინგრეს“! გამართა. აქციის მიზანს იმ ადგილის მონიშვნა წარმოადგენდა, საიდანაც ქვეყანას ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს. სწორედ ამ სახელმწიფო ინსტიტუტის ხარჯზე ინარჩუნებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას, რაც ტოტალური მოსმენებით, თვალთვალითა და მოქალაქეების თითოეული ნაბიჯის კონტროლით გამოიხატება.

ცრუ პიკეტი

„ცრუ პიკეტი“ 2021 წლის 11 ნოემბერს, მოძრაობის მიერ წინასწარ დაგეგმილი აქტივობაა, რომლის მიზანსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხილება და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება წარმოადგენდა, თუ რამდენად მასშტაბურია მიყურადებისა და თვალთვალის შემთხვევები ქვეყანაში. „ცრუ პიკეტმა“ ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლების ძალაუფლება ძალოვან უწყებებზე, სუს-სა და ტოტალურ კონტროლზე დგას.