თავისუფლება ლაზარეს

თავისუფლება ლაზარეს

პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს მიერ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის დაკავება და მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ ის განზრახ აირჩია პოლიტიკური მართლმსაჯულების პირველ სამიზნედ. აშკარაა, რომ მმართველი პარტიის წევრებმა ჩათვალეს, რომ განსხვავებული იმიჯის გამო ლაზარე დისკრედიტაციის ხელსაყრელი სამიზნე იქნებოდა და საზოგადოება მის ბრალეულობაში ადვილად დაარწმუნებდნენ.

სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდებზე არაერთი ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი აქტიურად ქმნიდნენ რუსთაველზე მყოფი ახალგაზრდების კრებით სახეს სიტყვებით: “სატანისტები”, “ანარქისტები”, “ექსტრემისტები”. კანონის გაწვევის შემდეგ, 3 კვირიანი მუშაობის შედეგად კი, სისტემამ განტევების ვაცი იპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დიდი შრომა გასწია ლაზარეს დისკრედიტაციისა და მისი, როგორც ექსტრემისტის, ხატის შესაქმნელად და ახალგაზრდა ადამიანი გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური მიზნების იარაღად, ბრალდებას არცერთი მყარი მტკიცებულება არ გააჩნდა და მთლიანად ეყრდნობოდა პოლიციელების ცრუ ჩვენებებს.

ლაზარემდე რამოდენიმე კვირით ადრე დააკავეს და მალევე, 10 მარტს, 3 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლეს “რუსული კანონის” საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე – თორნიკე აკოფაშვილი. ვიდეომტკიცებულება, რომლითაც პროკურატურა მისი დანაშაულის დამტკიცებას ცდილობდა, პროპაგანდისტული მედია “პოსტივის” მიერ იყო გადაღებული და მასში მხოლოდ ის ჩანდა, როგორ ურტყამს თორნიკე რეზინის ლენტს სპეცრაზმელის ფარს.

“7, 8 და 9 მარტის პროტესტს არ ჰყოლია დამნაშავე ხელისუფლების გარდა”
სირცხვილია
სამოქალაქო მოძრაობა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 19 ოქტომბერს დასრულდა თორნიკე აკოფაშვილის საქმის განხილვა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო პოლიციელზე ძალადობაში, თუმცა პატიმრობის ნაცვლად, ნაკლებად მძიმე სასჯელი, 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პირობითი მსჯავრის ვადის ამოწურვამდე აკოფაშვილს საქართველოს დატოვება ეკრძალება.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი კი 2024 წლის 12 აპრილს მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მან ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის გამოცხადებისთანავე, მოძრაობა “სირცხვილიამ” პეტიცია გაავრცელა და საქართველოს პრეზიდენტს ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით მიმართა:

თუკი თქვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პროევროპული კურსი და დასავლური ღირებულებები, უნდა უზრუნველყოთ, რომ 2023 წლის მარტის აქციების გამარჯვება გამარჯვებად დარჩეს, ლაზარე გათავისუფლდეს და მისი სახით ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის ბრძოლას კიდევ ერთი მძევალი არ შეეწიროს მსხვერპლად. გთხოვთ და მოგიწოდებთ, დაეხმაროთ ქართულ საზოგადოებას ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის შენებაში - შეიწყალეთ 1 წლის განმავლობაში უსაფუძვლოდ და უსამართლოდ პატმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისი.
სირცხვილია
სამოქალაქო მოძრაობა

იმავე ღამით, სატელევიზიო გადაცემის საშუალებით სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.
ლაზარე 2024 წლის 24 აპრილს ციხიდან გათავისუფლდა.