მოძრაობა “სირცხვილიამ” უკრაინის მხარდასაჭერი აქტივობები უკრაინა-რუსეთის ომის გამოცხადებამდე დაიწყო. შეიქმნა უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გამოეყენებინა ყველა საკანონმდებლო და დიპლომატიური ინსტრუმენტი, დაეგმო რუსული აგრესია და გამოეხატა მყარი პოზიცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შესახებ.
2022 წლის 28 იანვარს, პეტიციაზე ხელმოწერისა და ხელისუფლებისთვის სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მოთხოვნით, პარლამენტთან პირველი დემონსტრაცია გაიმართა.
უკრაინაში რუსული აგრესიის გააქტიურების ფონზე საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობამ მოქალაქეების პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პარალელურად კი, “მოძრაობა სირცხვილიას” დემონსტრაციებმა – #უკრაინისთვის პერმანენტული ხასიათი მიიღო. საპროტესტო გამოსვლების საშუალებით ქართველმა ხალხმა ხელისუფლების ნაცვლად თავად აიღო პასუხისმგებლობა, ღიად დაეგმო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ხმა საერთაშორისო საზოგადოებამდე მიეწვდინა. დემონსტრაციები #უკრაინისთვის საქართველოს მასშტაბით, ყველა ცენტრალურ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა.
26 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს საჯარო მადლობა გადაუხადა:

Stand With Ukraine
მოქალაქეები უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა საპროტესტო ფორმას მიმართავდნენ – სახლებიდან ადამიანებმა უკრაინის დროშების გადმოფენა დაიწყეს, ქუჩაში გაჩნდა უკრაინის მხარდასაჭერი სტენსილები და წარწერები, დატანილი ლოზუნგები და გულსაბნევები მაისურებსა და ტანსაცმელზე, სოლიდარობის სტიკერები კერძო დაწესებულებებში.
ქართველი ხალხისგან
მოძრაობა იაზრებდა, რომ ომის დაწყებასთან ერთად, უკრაინის მხარდასაჭერად მხოლოდ პროტესტი აღარ იყო საკმარისი. აქციების პარალელურად, 27 თებერვლიდან, “სირცხვილიამ” ჰუმანიტარული კამპანია From Georgian People დაიწყო, რომელშიც მოხალისეები რეგიონების მასშტაბით ჩაერთვნენ. საჯარო ფანდრეიზინგის ფარგლებში, მოძრაობის ანგარიშზე 30 ათას ლარამდე თანხა შეგროვდა, რითაც ორგანიზაციამ ამავე კამპანიაში ჩართულ სააფთიაქო ქსელში მედიკამენტები თვითღირებულების ფასად შეისყიდა. მოსახლეობისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები კონფლიქტურ რეგიონებამდე უკრაინის საელჩოს დახმარებით გაიგზავნა.
სოლიდარობის აქციები მარტიდან მოქალაქეების პროტესტში გადაიზარდა, რაც საქართველოს ხელისუფლების პრორუსულმა განცხადებებმა განაპირობა; ხელისუფლება არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს; დაიწყო რუსი მოქალაქეების შემოსვლა საქართველოს ტერიოტორიაზე; რის შედეგადაც შემდეგი დემონსტრაცია სამი მოთხოვნით გაიმართა – დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან! აიკრძალოს რუსული მედია საშუალებები! დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის! 7 მარტს, მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, ხელისუფლებამ 16 მოქალაქე დააკავა, მათგან 11 – “სირცხვილიას” აქტივისტი.
#უკრაინისთვის კამპანიის ფარგლებში გაგრძელდა რეაქტიული აქტივობები ქართული ლეგიონისა და საქართველოში უკრაინელი თემის მხარდასაჭერად.









