2019 წლიდან დღემდე, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” და მისი წევრები “ქართული ოცნების” ხელისუფლების პოლიტიკურ სამიზნეში არაერთხელ აღმოჩნდნენ.
მიზანმიმართული დეზინფორმაცია, უსამართლო და კოლოსალური ჯარიმები, უკანონო დაკავებები, მიგზავნილი ძალადობრივი ჯგუფების ხელით ოფისების დარბევა, უკანონო თვალთვალი და მიყურადება, ფიზიკური ანგარიშსწორება, – ეს ის გზებია, რომლებსაც მმართველი პარტია მწვანე შუქს უნთებდა და მეტიც, თავადვე მიმართავდა მოძრაობის აქტივისტების წინააღმდეგ.
დეზინფორმაცია
“ქართული ოცნების” ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი პროპაგანდაა. საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად მიუმართავთ დეზინფორმაციისთვის.
წლების განმავლობაში დღემდე “ქართული ოცნება” “სირცხვილიას” დისკრედიტაციის მიზნით ორ ძირითად ტყუილს ავრცელებს: მოძრაობის ძალადობრივი ხასიათისა და მისი ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან მჭიდრო კავშირის შესახებ, რომლებიც საზოგადოებაში უნდობლობასა და ანტიპათიას აღვივებენ.
სინამდვილეში, “სირცხვილიას” დამოუკიდებლობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოძრაობის საქმიანობა ყოველთვის მხოლოდ დასავლური დონორების დახმარებითა და ხალხის შემოწირულობებით ფინანსდებოდა. ამასთან, მოძრაობის პოლიტიკური პოზიციებიც არაერთხელ აცდენია პოლიტიკური პარტიების საჯარო პოზიციებს. ბუნებრივია, “ქართული ოცნების” წევრები ვერ შეძლებენ ვერც “ძალადობრივი და ექსტრემისტული” აქტივობების შესახებ მტკიცებულებების მოყვანას, რადგან მოძრაობა მხოლოდ არაძალადობრივი, ახალი და კრეატიული გზებით ასრულებს თავის აქტივისტურ საქმიანობას.
თვალთვალი და მიყურადება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რომ “სირცხვილიას” წევრებს აქტიურად უთვალთვალებდა, ამის შესახებ ეჭვები ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში დაგვიდასტურდა, როცა პარლამენტის წინ ღამისთენებისთვის ჩვენ მიერ შეძენილი შეშითა და კასრებით დატვირთულ ორ სხვადასხვა სამარშრუტოს მძღოლს პოლიცია ჩაუსაფრდა, ტრანსპორტიდან გადმოსვლა მოსთხოვა და მანქანები გაიტაცა. მძღოლებთან ჩვენი სატელეფონო საუბრის უკანონო მოსმენის გარეშე სუსს და შემდგომ პოლიციას ვერ ეცოდინებოდათ მანქანების ზუსტი ადგილსამყოფელი და კონკრეტული დრო.
მოგვიანებით, ქართულმა პოლიციამ შეშა პროტესტზე აკრძალულ, საშიშ იარაღად გამოაცხადა. როგორც პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, განმარტა, აქციაზე არ შეიძლება ადვილად აალებადი ნივთის შეტანა. სირაძემ დაასახელა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონის მე-11 მუხლი, რომელშიც ნათქვამია: „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: ა)იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი”. სწორედ ასეთად მიიჩნია ვაჟა სირაძემ შეშა.
2020 წლის 13 ნოემბრის “სპეცოპერაცია: ვაჟა შეშა სირაძე” და 2021 წლის 11 ნოემბრის „ცრუ პიკეტი“ მოძრაობის მიერ წინასწარ დაგეგმილი აქტივობებია, რომელთა მიზანსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხილება და საზოგადოებისთვის იმის ჩვენება წარმოადგენდა, თუ რამდენად მასშტაბურია მიყურადებისა და თვალთვალის შემთხვევები ქვეყანაში კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციის მიმართ. ორივე შემთხვევამ ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლების ძალაუფლება ძალოვან უწყებებზე, სუს-სა და ტოტალურ კონტროლზე დგას.
1984 - საბჭოთა კოდექსი ჩვენ წინააღმდეგ
“სირცხვილიას” წევრებს, როგორც საპროტესტო აქციების ორაგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაკავების შემდეგ ბრალს ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით უყენებენ. მათგან პირველი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, მეორე კი – პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
საგულისხმოა, რომ 173-ე მუხლის მიხედვით, ისჯება პოლიციელის “კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა”. რეალურად კი პოლიციელების მხრიდან აქტივისტების მისამართით წაყენებული მოთხოვნები ხშირად უკანონოა, რასაც, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, არც სასამართლოები ითვალისწინებენ. მოსამართლეები, თითქმის ყოველთვის, უკანონო დაკავების მომენტიდან მოქალაქის გულწრფელ და სამართლიან აღშოთებას ფიზიკურ წინააღმდეგობად აფასებენ.
სიმბოლურია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი 1984 წელს მიიღეს და მისი მიმღები საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმია.
გასულ საუკუნეში მიღებული კოდექსი შეუსაბამობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან. მისი რეგულაციები საბჭოთა ეპოქაზეა მორგებული: დაკავებულს სამართლებრივი გარანტიები ფაქტობრივად არ აქვს, ნორმები ბუნდოვანია და პოლიციას მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მიღებიდან დღემდე, კოდექსში არ შესულა არანაირი თანამედროვეობაზე მორგებული ცვლილება, პირიქით, დროთა განმავლობაში სანქციები უფრო და უფრო მკაცრდებოდა.
ბოლო ასეთი ცვლილება პარლამენტმა 2021 წლის აპრილში დაჩქარებული წესით, კოვიდ რეგულაციების პარალელურად მიიღო – მაშინ, როცა გარეთ გამოსვლის უფლება არ გვქონდა, ანუ, როცა საზოგადოების პროტესტი ფიზიკურად შეუძლებელი იყო. შედეგად, სანქციები გაიზარდა 4500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი მინიმუმ 5 ან 7დღიდან 15 დღემდე.
მორიგი მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც, შსს სასამართლოსთან თანამშრომლობით იყენებს, არის ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადად მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა, მაშინ, როცა პოლიცია საქმეში თავად წარმოადგენს მხარეს.
ნეიტრალური მტკიცებულება შეიძლებოდა, ყოფილიყო სამხრე კამერების ჩანაწერი, თუმცა, ადვოკატებსაც კი თავიანთი მრავალწლიანი პრაქტიკიდან იშვიათად ახსენდებათ საქმე, რომელშიც პოლიციელს სამხრე კამერის ჩანაწერი ჰქონდა. ეს მხოლოდ ერთ გონივრულ ეჭვს ბადებს: ძალოვანებს არ აწყობთ ამ ჩანაწერების შენახვა, რადგან ის ხშირად მკაფიოდ და თვალნათლივ აჩვენებს სიმართლეს.
სამხრე კამერის ჩანაწერების გარეშე პოლიციელები ბევრად მარტივად იტყუებიან. ხშირად პროცესზე მოსული მოწმე პოლიციელი საერთოდ არაფერ კავშირშია კონკრეტულ საქმესთან, მაგრამ დავალებას იღებს და ცრუობს, რომ დაკავება თავად განახორციელა. სწორედ ამიტომ ერევათ დაკავებულის სახელი და გვარი, ინციდენტის ადგილმდებარეობა, მიზეზი და ა.შ. აქამდე არ დამდგარა არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობა, რომელიც უსამართლო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, ან სასამართლოში იტყუება.
“სირცხვილიას” წინააღმდეგ წარმოებული თითოეული სამართლებრივი საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს საბჭოთა პრაქტიკას “ქართული ოცნება” აწმყოში.
2019 წლის 30 დეკემბერს მერიამ უკანონოდ დაშალა პარლამენტის წინ განთავსებული მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო კარვები და მათ ნაცვლად, ჯერ ზვიგენის გასაბერი ბატუტი დადგა, თუმცა მალევე ჩაფუშა და ახალი გასართობი კონსტრუქციები დაამონტაჟა.
პოლიციამ უკანონოდ დააკავა პროტესტის ნიშნად პარლამენტთან მისული 10 მოქალაქე. მათ შორის “სირცხვილიას” წევრები ნოდარ რუხაძე და ზუკა ბერძენიშვილი. ორივე მათგანმა 24 საათი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში. მოგვიანებით, სასამართლომ აქტივისტები გაამართლა, თუმცა ცრუ მოწმეობის გამო პოლიციელების მიმართ არანაირი ზომა არ მიღებულა.
2021 წლის 23 თებერვალს დილის 7:30 საათზე საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილების აღსრულება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, დაკავება წარმოადგენდა. იმ მომენტისთვის შენობაში ნიკა მელიას მხარდასაჭერად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. მათ შორის იყვნენ “სირცხვილიას” წევრებიც.
სამართალდამცველებმა ოფისი ყველა მხრიდან ალყაში მოაქციეს და შენობაში რამდენიმე მხრიდან შევიდნენ, მათი ნაწილი კი ადგილზე მიტანილი სპეციალური სახანძრო კიბის გამოყენებით სახურავიდან ჩავიდა. ამის შემდეგ, სპეცრაზმმა შენობაში შეკრებილების წიწაკის სპრეისა და ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოყვანა დაიწყო. დააკავეს “სირცხვილიას” დამფუძნებელი ზუკა ბერძენიშვილი.
მოგვიანებით, ამავე დღეს დააკავეს პარლამენტის ჭიშკართან ნოდარ რუხაძეც. ის მოძრაობის ოპერატორთან, ლუკა იმედაშვილთან ერთად მარტო იდგა 9 აპრილის ქუჩაზე და ხმის გამაძლიერებლიდან მიმართავდა შენობაში მყოფებს, როდესაც პოლიციამ ტერიტორიის დატოვება უსაფუძვლოდ მოსთხოვა, უარის შემდეგ კი დააკავა.
ნოდარ რუხაძის სასამართლო იმავე დღეს გაიმართა და მიუხედავად არსებული ვიდეო მტკიცებულებისა, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ის 2000 ლარით დააჯარიმა. ნაჩქარევი განხილვის გამო პროცესზე ვერ მოხერხდა მოწმეთა (მარიამ დოლიძე, თათუშა არველაძე, ქრისტინი თოდუა) გამოკითხვა.
წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარებული 24 საათის შემდეგ, ჯარიმით დატოვა სასამართლო ზუკა ბერძენიშვილმაც.
2022 წლის 7 მარტის უკრაინის სოლიდარობის აქცია პარლამენტის წინ რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით გაიმართა. მოთხოვნების გაჟღერებისა და 50 მეტრიანი დროშის გაშლის შემდეგ, პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობით კანცელარიის წინ გადაინაცვლეს. მოგვიანებით კი ხელისუფლების პრორუსულ განცხადებებზე გაბრაზებულმა მოქალაქეებმა მთავრობის კანცელარიის შენობას ტუალეტის ქაღალდები ვესროლეთ.
პროტესტი მალევე დასრულდა და მისმა მონაწილეებმა დაშლა დაიწყეს, თუმცა ტერიტორიის დატოვებისას, კანცელარიის პარკინგთან პოლიციამ “სირცხვილიას” წევრები ალყაში მოაქცია და მათი დაკავება დაიწყო. მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენეს ჯერ გიგა მაქარაშვილი და ნოდარ რუხაძე, შემდეგ კი ზუკა ბერძენიშვილი. ასევე დააკავეს ჩვენი მოძრაობის მოხალისე, ლექსო სამხარაძე ძმასთან და მეგობართან ერთად, მსახიობი ბაჩი ვალიშვილი, ოპერატორი გურამ გოლიაძე, “თბილისი პრაიდის” აქტივისტი გვანცა პერტია, “ტალღას” დამფუძნებელი ნატა ფერაძე და კიდევ რამოდენიმე მოქალაქე.
მოგვიანებით დააკავეს “სირცხვილიას” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მჟავანაძეც, რომელიც აქციის დაშლამდე გავიდა ტერიტორიიდან და 50 მეტრიანი დროშის წასაღებად დაბრუნდა. იმ ფაქტმა, თუ როგორი ჩასაფრებით ელოდნენ მის გამოჩენას პოლიციელები, ცხადი გახადა, რომ ძალოვანებს დავალება ჰქონდათ მიღებული, კონკრეტულად აქციის ორგანიზატორები, ამ შემთხვევაში კი – “სირცხვილიას” წევრები დაეკავებინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 მარტს დაკავებული 16 ადამიანი ჯამში 34 300 ლარით დააჯარიმა. მათ შორის, ჩვენი მოძრაობის 6 აქტივისტს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 15 800 ლარის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმების გადახდა მოქალაქეთა შემოწირულობებით მოხერხდა.
4 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შოთა დიღმელაშვილს, რომელიც დაკავებული მეგობრების სოლიდარობის ნიშნად, 8 მარტს მარტო მივიდა მთავრობის კანცელარიის შენობასთან და 4 კვერცხი ესროლა შენობას.
ორგანიზატორების დაკავებიდან მეორე დღესვე უკრაინის სოლიდარობის ყოველდღიური აქციები შეწყდა.
ფიზიკური საფრთხე
“სირცხვილიას” დამფუძნებელმა, სოფო კუჭავამ, ხელის მოტეხილობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 8-9 ნოემბრის ღამით, ცესკოს შენობასთან გამართული აქციის დროს მიიღო. ის დამიზნებულმა წყლის ჭავლმა წააქცია.
საპროტესტო აქციის წყლის ჭავლით დაშლა თითქოს შედარებით რბილი გზაა და შესაძლოა, ასეც არის, დათვისთვის განკუთვნილ ტყვიებთან შედარებით, მაგრამ არა ნოემბრის ყინვაში, არა პანდემიის პიკში და არა მაშინ, როდესაც ტერიტორია შემოღობილია და გასაქცევი ერთი ვიწრო ქუჩის გარდა არსად გაქვს. პროკურატურამ “სირცხვილიას” აქტივისტს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. საქმე სტრასბურგის სასამართლოშია.
9 ნოემბერს “სირცხვილიამ” დაუმორჩილებლობა გამოუცხადა კომენდანტის საათს და პარლამენტის წინ პროტესტით დაარღვია ხელისუფლების მიერ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა.
“სირცხვილიას” სამი დამფუძნებელი წევრი: გიორგი მჟავანაძე, ნოდარ რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი რუსთაველზე ღამის თენებისთვის შეშის მიტანის გამო შეაჩერეს, თუმცა შემდეგ მოგონილი მიზეზებით დააკავეს.
დაკავებისას, ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი მჟავანაძეს. 24 საათიანი წინასწარი დაკავების შემდეგ, მოსამართლე თამარ მეშველიანმა 1000 ლარით დააჯარიმა ლექსო მაჭავარიანი, 1500-ით – ნოდარ რუხაძე, გიორგის კი 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
27 ნოემბერს, აბაშიძე-კარასინის ვიდეო დიალოგის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციას და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, რომ ქართველი ნაციონალისტების მიერ 2019 წლის ზაფხულში დადგმული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგები გადაილახოს“.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, 28 ნოემბერს პარლამენტის უკან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა “სირცხვილიას” წევრ თათუშა არველაძეს ხელი მოაყოლეს მანქანაში. მტევანზე ღია ჭრილობასთან ერთად, მას ხელი ჰქონდა ნაღრძობი და 2 კვირის განმავლობაში თაბაშირის ტარება მოუწია.
იმავე დღეს თათუშას აცნობეს, რომ შსს მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა. მუხლი გულისხმობს, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. შსს-ს განმარტებით, არველაძე ხელს უშლიდა პოლიციელებს სხვა აქტივისტების დაკავებასა და მანქანის დაძვრაში. ბრალდებები იმდენად კომიკური იყო, რომ თათუშას წინააღმდეგ კლანის სასამართლომაც კი შეწყვიტა საქმე.
2021 წლის 4 აპრილს სირცხვილიას ბათუმის ოფისში კომენდანტის და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით იმართებოდა დაუმორჩილებლობის აქტი, როდესაც პოლიცია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეიჭრა შენობაში, დალეწა ოფისის კარი, ფიზიკურად იძალადა აქტივისტებზე და დააკავა ისინი.
2021 წლის 3 ივნისს ნინოწმინდას პანსიონის ბავშვთა მხარდასაჭერად პროკურატურასთან გამართულ აქციაზე “სირცხვილია” მოძალადეების დასჯისა და ბავშვების საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანის მოთხოვნით მივიდა. ადგილზე ძალადობრივად დააკავეს ჯერ გიგა მაქარაშვილი, მოგვიანებით კი ზუკა ბერძენიშვილი და ჩვენი ორგანიზაციის რამოდენიმე მეგობარი.
გიგა მაქარაშვილმა განყოფილებაში გადაყვანისთანავე სამედიცინო შემოწმება მოითხოვა და აღმოჩნდა, რომ მას დაკავებისას ხელი ჰქონდა მოტეხილი. ფიზიკური დაზიანების გამო გიგა ხელწერილით გამოუშვეს იმავე ღამით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მას 2000 ლარიანი ჯარიმა დაუწერა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით. ზუკამ კი დროებითი მოთავსების იზოლატორში, აპრილში გამკაცრებული ზომების მიხედვით, 24-ის ნაცვლად 48 საათი გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ დაჯარიმდა.
აღნიშნული 48 საათიანი დაყოვნება შსს-ს მხრიდან სამართლებრივ დასაბუთებას მოითხოვს, თუმცა იმის განმარტება, თუ რატომ გახდა საჭირო კონკრეტული პირის მაქსიმალური ვადით იზოლატორში დატოვება, მათ სასამართლოში არ გაუკეთებიათ.
2021 წლის ივლისში Tbilisi Pride-მა ღირსების მარშის კვირეული რამოდენიმე ორგანიზაციასთან პარტნიორობით დაგეგმა, მათ შორის იყო სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიაც”. კვირეულის ფარგლებში 1-ელ ივლისს დაორგანიზდა გახსნა – ფილმის ჩვენება, 3 ივლისს – ფესტივალი, 5 ივლისს კი ჩანიშნული იყო მსვლელობა.
აღნიშნული ღონისძიებების ჩასაშლელად რადიკალურმა ჯგუფებმა მობილიზება დაიწყეს. რამდენიმე დღით ადრე „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე მხარდამჭერებს ძალადობისკენ ღიად მოუწოდებდა. კვირეულის ფარგლებში ნებისმიერი ღონისძიებისთვის ხელის შეშლის, განსაზღვრული ადგილების დაკავების მოწოდებით გამოდიოდნენ სხვა პრორუსული ჯგუფებიც.
„ღირსების მარშის“ ჩატარების საკითხს აქტიურად განიხილავდნენ სასულიერო პირებიც. ისინი პრაიდს ქვეყნის თვითმყოფადობის, ტრადიციების, ცხოვრების წესის შეურაცხყოფად მიიჩნევდნენ და მის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ. სასულიერო პირები მრევლს მოუწოდებდნენ, „სიბილწის“ წინააღმდეგ გამოსულიყვნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პრაიდის კვირეულის შესახებ თითქმის ერთნაირი განცხადებები კეთდებოდა – რომ ქვეყანაში არავის უფლება არ ირღვეოდა. 5 ივლისის დილას, პრემიერ-მინისტრი ამ მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ “ღირსების მარში” უმრავლესობისთვის მიუღებელია და ამიტომ ის არ უნდა ჩატარდეს, რითიც მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს.
რუსთაველის ტერიტორიაზე „ღირსების მარშის“ გაპროტესტების მიზნით დილიდანვე ასობით ადამიანმა დაიწყო შეკრება. ხალხის მატებასთან ერთად აგრესიაც იზრდებოდა. „ალტ-ინფოს“ წევრმა ზურაბ მახარაძემ მათ პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვების დარბევისკენ მოუწოდა, რასაც მალევე მოჰყვა მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ძალადობის არაერთი შემთხვევა. რადიკალური ჯგუფები თავს დაესხნენ ოპერატორებსა და ჟურნალისტებს, დაუზიანეს ტექნიკა, ცდილობდნენ აქციიდან მათ გაძევებას. საბოლოოდ, დღის განმავლობაში მედიაზე ფიზიკური ძალადობის 50-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
დღის განმავლობაში დედაქალაქში დაპირისპირების რამდენიმე კერა არსებობდა. „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ადგილზე იმყოფებოდნენ, მათ შორის, ქაშუეთის ტაძართან, პარლამენტთან, ფილარმონიასთან, „სირცხვილიას“ ოფისთან, „თბილისი პრაიდის“ ოფისთან, მრგვალ ბაღთან და სხვა ლოკაციებზე. ამის პარალელურად კი, სამართალდამცავები თითქმის არ ან ქაოტურად იყვნენ განლაგებულნი. ერთთვიანი მზადების, ორგანიზატორებთან შეხვედრების, ინფორმაციის გაცვლის, დაპირებების მიუხედავად, ძალოვანების მხრიდან მსგავსი არაორგანიზებულობის გამოვლენა აჩენდა საფუძვლიან ეჭვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გულგრილობას გამიზნულად იჩენდა. ხშირად რიგით პოლიციელებს არც კი ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ძალადობაზე რეაგირება მოეხდინათ, ცალკეულ შემთხვევებში კი სრულ უმოქმედობას ავლენდნენ.
დაახლოებით 12სთ-თვის, პრემიერის განცხადებიდან რამოდენიმე წუთში, პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს კოკა მორგოშიამ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისზე იერიშის მიტანისკენ მოუწოდა. შესაბამისად, რადიკალური ჯგუფის ნაწილმა „სირცხვილიას“ ოფისთან გადაინაცვლა, რომელიც იქვე, პარლამენტის შენობის უკანა ტერიტორიაზე მდებარეობდა. იმის მიუხედავად, რომ ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ადგილზე სულ რამდენიმე პოლიციელი მივიდა. მოძალადეებმა მისვლისთანავე ჩალეწეს სადარბაზოს შუშის კარი და შენობაში შეიჭრნენ. იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია “სირცხვილიას” ოფისის მე-9 სართულზე მდებარეობის შესახებ, ბინებში შეუცვივდნენ რამოდენიმე მეზობელს, გზად დააზიანეს ლიფტი და სადარბაზოს კიბეები, მესამე და მეოთხე სართულებს შორის კი ტელეკომპანია პირველის ოპერატორსა და ჟურნალისტს, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას, ფიზიკურად დაესხნენ თავს.
“სირცხვილიას” ოფისში დილიდან შეკრებილმა ორგანიზატორებმა კოკა მორგოშიას მოწოდების შესახებ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის სატელეფონო ზარით შეიტყეს, რომელიც იმ დროისათვის პარლამენტის წინ იმყოფებოდა. შენობაში შემოვარდნას არავინ ელოდა, თუმცა იმის გამო, რომ, შესაძლოა, მსვლელობის ჩასატარებლად გარეთ გასვლა ვეღარ მოეხერხებინათ, “სირცხვილიას” და “პრაიდის” წევრებმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად, სასწრაფოდ დატოვეს ოფისი. გასვლა ვერ მოასწრო “სირცხვილიას” ოთხმა აქტივისტმა: მარიამ დოლიძემ, გიგა მაქარაშვილმა, სალომე ბარკერმა და ზუკა ბერძენიშვილმა. სწორედ გიგასთან ინტერვიუს ჩაწერის გამო შეაგვიანდა ოფისის დატოვება ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს. ოთხივე აქტივისტი დღის ბოლომდე ოფისში იმყოფებოდა.
აქტივისტებმა, რომლებმაც შენობის დატოვება კორპუსის ალყაში მოქცევამდე მოასწრეს, მრგვალ ბაღთან მდებარე გაეროს ოფისს შეაფარეს თავი, თუმცა მცირე ხნით. აქტივისტების ადგილსამყოფელის შესახებ სუს-ის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გადასცეს ინფორმაცია დაქირავებულ “ტიტუშკებს”, რის გამოც ორგანიზატორებს კიდევ ორჯერ მოუწიათ ლოკაციის გამოცვლა. ის, რომ ძალადობრივი ჯგუფები ორგანიზებულად და სუს-ის მითითებებით მოქმედებდნენ, კარგად გამოჩნდა დღის განმავლობაში არაერთ ეპიზოდში.
საბოლოოდ, “თბილისი პრაიდმა” მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
6 ივლისს წინა დღის ძალადობის გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მდუმარე
აქცია დაანონსდა. პარალელურად, პირველ სკოლასა და ქაშუეთის ეკლესიასთან რადიკალური ჯგუფები ისევ შეიკრიბნენ. ისინი პოლიციის კორდონისა და რკინის ბარიკადების გარღვევას და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეჭრას ცდილობდნენ, ისროდნენ ქვებს, კვერცხებსა და ბოთლებს. თუმცა, წინა დღისგან განსხვავებით, პოლიცია სამართალდამრღვევებს აკავებდა და ტერიტორიიდან გაჰყავდა.
მდუმარე აქციის ფარგლებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამოდენიმე ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა პარლამენტის წინ ლგბტქ+ დროშებიც გაშალეს და ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.
პროკურატურამ უარი განაცხადა 5 ივლისის თავდასხმის დროს ოფისში დარჩენილი “სირცხვილიას” 4 წევრის დაზარალებულებად ცნობაზე. მათი თქმით, საქმეში არ იკვეთებოდა, რომ თავდასხმის ობიექტი “სირცხვილია” იყო, მიუხედავად იმისა, რომ კოკა მორგოშიამ საჯაროდ დაასახელა როგორც მოძრაობა, ასევე ოფისის მისამართი და წევრების ვინაობა. რამდენიმე დღეში, 9 ივლისს, ხელისუფლების დაქირავებულმა “ტიტუშკებმა” შუშები ჩალეწეს ორგანიზაციის ქუთაისის ოფისშიც.
მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად, “სირცხვილიას” ოფისის სადარბაზოში ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამოდენიმე დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.
2022 წლის 17 მაისს “სირცხვილიას” აღმასრულებელი დირექტორი პოლიციამ გარკვეული დოკუმენტაციის გადასაცემად გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში დაიბარა. ადგილზე მისულ გიორგი მჟავანაძეს უკიდურესად აგრესიული გარემო დახვდა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, თანამშრომლებმა გიორგი ჯერ გამოაგდეს შენობიდან, თუმცა განყოფილების უფროსის მოადგილისგან ბრძანების მიღებისთანავე ხელბორკილები დაადეს, ისევ უკან შეიყვანეს და მისაღებში ძირს დააგდეს. ბორკილებდადებულ აქტივისტს 3 პოლიციელი ურტყამდა სახეში ხელს. ნახევარი საათის განმავლობაში არ წყდებოდა გიორგის მიმართ ღირსების შემლახავი სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარები. რამოდენიმე პოლიციელი აგრძელებდა ფიზიკურ ძალადობასაც.
პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ოქმის შედგენის შემდეგ, გიორგი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან 24 საათი გაატარა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ვერ შეძლო მტკიცებულებების წარდგენა, რადგან პოლიციის განყოფილებაში არსებული კამერების ჩანაწერები წაშლილი აღმოჩნდა.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა “სირცხვილიას” დამფუძნებელი დამნაშავედ ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.
მარიამ დოლიძე “სირცხვილიას” მეოთხე წევრია, რომელსაც შსს-ს მხრიდან არაპროპორციული, გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად ხელი დაუზიანდა. მარიამმა იდაყვის ძვლის მოტეხილობა 2024 წლის 16-17 აპრილის ღამით, “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ ერთ-ერთ აქციაზე მიიღო. ამ ღამემ საზოგადოებას თავი განსაკუთრებული სისასტიკით დაამახსოვრა.
ღამის 1-ლი საათისთვის პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის კუთხეში, რამოდენიმე ასეული ადამიანი და სიმშვიდე იყო, როცა სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაური, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) პირად განკარგულებაში მყოფი გამორჩეულად ძალადობრივი დაჯგუფება ყველანაირი გაფრთხილების გარეშე შემოიჭრა პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებში.
დარბევის დაწყების შესახებ წინასწარ გაფრთხილებას ამ შემთხვევაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან: 1. აქცია ნელ-ნელა იშლებოდა და მოქალაქეებს ყურადღება მოდუნებული ჰქონდათ. მათი დიდი ნაწილი ისვენებდა და ძირს იჯდა 2. გასაქცევი სივრცე თითქმის არ არსებობდა; ამ ლოკაციიდან გამავალი ორივე ქუჩა არის ძალიან ვიწრო და მაცხოვრებლების მანქანებით სავსე.
თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ადგილზე დარბევის არანაირი აუცილებლობა არ იდგა. პარლამენტის შენობას, რომელსაც თითქოს სპეცრაზმი ახალგაზრდებისგან იცავდა, არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. სიტუაცია იყო მშვიდი და აქცია დასასრულისკენ მიდიოდა.
მარიამი ძირს იჯდა, როცა სპეცრაზმის მოულოდნელმა შემოვარდნამ ხალხში პანიკა და ჭყლეტვა გამოიწვია. ის ფეხზე წამოდგომისთანავე წააქცია შეშინებული ხალხის მასამ და საკუთარ იდაყვზე დაეცა. აქტივისტი დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა ადგომას, რადგან ვერც მოქალაქეები და ვერც ძალოვანები მას ვერ ხედავდნენ და სხეულზე აბიჯებდნენ.
წამოდგომის შემდეგ, მარიამ დოლიძე საკუთარი ფეხით ჩავიდა რუსთაველზე სასწრაფო დახმარების მანქანასთან და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მას 17 აპრილის დილას ოპერაცია გაუკეთდა.
პროკურატურა მარიამს დაზარალებულად ამ ეტაპამდე არ ცნობს.
“რუსული კანონის” მიღებიდან მალევე, 2024 წლის 11 ივნისის დილით, საკუთარ სახლთან დახვდნენ და სასტიკად სცემეს “სირცხვილიას” დამფუძნებელი, ზუკა ბერძენიშვილი. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი აქტივისტს თავში სროლითაც დაემუქრა.
შემთხვევა დილის 11 საათისთვის მოხდა, ზუსტად ერთ საათში, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ზუკა ბერძენიშვილს ეხებოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე პოსტში კონკრეტულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, მათ შორის ზუკას, ”ორგანიზებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ტერორის კამპანიაში” ადანაშაულებდა.
გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.