“გავრილოვის ღამე”
სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს (იგივე გავრილოვის ღამე) საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში ვიზიტს, დახვედრას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.
სირცხვილის გრძნობა იყო სწორედ ის ემოცია, რაც საქართველოს მოქალაქეებს გავრილოვის დანახვაზე გაუჩნდათ და პროტესტსაც “სირცხვილია!” დაერქვა. ამ დროს ორგანიზაციის შექმნის არანაირი ჩანაფიქრი არ არსებობდა. მისი ამჟამინდელი წევრების უმრავლესობა ერთმანეთს არც კი იცნობდნენ, თუმცა მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა მოძრაობის ოფიციალურად დარეგისტრირების აუცილებელი საჭიროება გააჩინა და სახელწოდებაც მას სწორედ პროტესტის სახელიდან შემორჩა.
პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდარი გავრილოვის დანახვით გაბრაზებული მოქალაქეები ჯერ საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. ოპოზიციონერი პარლამენტარების მიერ ასამბლეის ჩაშლის შემდეგ კი, მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტიდან სასტუმრო რედისონში გადაიყვანეს, სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმაც სწორედ სასტუმროსთან გადაინაცვლა. ისინი ითხოვდნენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს საქართველო დაეტოვებინათ. მოქალაქეების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და გავრილოვმა ჯერ სასტუმროს შენობა, მალევე კი ქვეყანაც დატოვა.
ამით პროტესტი არ დასრულებულა. ოპოზიციამ კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი საღამოს 7 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსეს. აქცია დააანონსა ოპოზიციამაც.
20 ივნისის ღამით, სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ ხელისუფლება პარლამენტის წინ შეკრებილი რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდა და რომ ეს „ქართული ოცნების ხელწერა არ იყო”. მოგვიანებით, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს გადატრიალების მცდელობა იყო და აქციის დაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა.
დარბევა გაუფრთხილებლად, დაახლოებით 12 საათისთვის დაიწყო. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და 800 რეზინის ტყვია გამოიყენა, რომლებსაც დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი და ჯამში 240-დე ადამიანი დაშავდა. 18 წლის მაკო გომურმა და 26 წლის გიორგი სულაშვილმა დაკარგეს თვალი, რამოდენიმემ დაკარგა მხედველობა, მათ შორის, კობა ლეთოდიანმა, რომელსაც ცალი თვალი მანამდე, აფხაზეთის ომში დაუზიანდა.
21 ივნისს პოსტი იძულებით დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
თუმცა წინა ღამით განვითარებულმა სასტიკმა დარბევამ ხალხში პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. ფეისბუქ ჯგუფში “თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება”, რომელიც კლუბ “ბასიანის” დარბევის შემდეგ შეიქმნა და მასში გაწევრიანებული რამოდენიმე ათასი აქტიური ახალგაზრდა მოქალაქე იყო, გამოკითხვა დაორგანიზდა. შედეგად, ხმათა უმრავლესობით შეირჩა აქციის სპიკერები და ახალი მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ:
- პროპორციული საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს
- გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია
- გათავისუფლდნენ დაკავებული დემონსტრანტები
გამოკითხვის შედეგად შერჩეულ სპიკერებს შორის იყო მომავალში სამოქალაქო ორგანიზაცია “სირცხვილიას” თანადამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილიც, რომელიც მოგვიანებით პროტესტის ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად.
პროტესტის სიმბოლო თვალზე აფარებული ხელი და წითელი ფერის თვალის სახვევი გახდა, წარწერით “20%”. ეს ორ რამეს გამოხატავდა – ერთი მხრივ, 21 ივნისის აქციის დარბევისას თვალდაკარგული ადამიანების მიმართ სოლიდარობასა და, მეორე მხრივ,იმის შეხსენებას, რომ რუსეთს საქართველოს 20 % აქვს ოკუპირებული.
აქციების დაწყებიდან მეოთხე დღეს, პროტესტმა პირველ და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა.
ვიდეო ფლეილისთი
25 ივნისიდან პროტესტი გაგრძელდა შს მინისტრის, გიორგი გახარიას, გადადგომისა და “გავრილოვის პატიმრების” გათავისუფლების მოთხოვნით.
ზაფხულის განმავლობაში დაორგანიზდა რამოდენიმე ფართომასშტაბიანი მსვლელობა. კვირაში ერთხელ “ღია მიკროფონის” პრინციპით აქციის ნებისმიერ მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი პოზიციები საჯაროდ გამოეხატა. ტარდებოდა კრეატიული პერფორმანსები.
პროტესტში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროფესიული ჯგუფებიც. მათი ჩართულობით ეწყობოდა მუსიკოსების, ფოტოგრაფების, მედიების, ისტორიკოსების, გამომცემლების, მწერლების საპროტესტო დღეები.
პარლამენტის შენობის წინ “სირცხვილიას” მიერ ორგანიზებული აქციები 20 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 93 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.
მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ
მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ
ფოტოგრაფები ოკუპაციის წინააღმდეგ
პროტესტის 21-ე დღეს, ფოტოგრაფებმა პარლამენტის წინ საკუთარი ფოტოების გამოფენით კიდევ ერთხელ გვაჩვენეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ამსახველი კადრები, გავრილოვის ღამეს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ძალადობა და პორტრეტები, რომლებიც ამ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდა. ამით, ხელისუფლებასა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენეთ, თუ რატომ უნდა დატოვოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თანამდებობა.
8 ივლისი - “ორკების ღამე”
“სირცხვილიას” პროტესტის მე-19 დღეს, დისკრედიტაციის მიზნით, მთავრობამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ “ქართული მარშისა” და კრემლის მიერ მართული ჯგუფების მობილიზაცია მოახდინა.
2019 წლის 8 ივლისს ლევან ვასაძე (მომავალში პოლიტიკური პარტია “ერის” დამფუძნებელი) და მისი თანამოაზრეები “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის ძალადობრივად ჩაშლას გეგმავდნენ, თუმცა, მოსალოდნელი საფრთხის გამო, დღის საათებში დაგეგმილი მცირერიცხოვანი მსვლელობა პარლამენტის წინ გაუქმდა და მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ჩატარდა. ამის მიუხედავად, ვასაძემ და სიძულვილის ჯგუფების სხვა წევრებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი, დეკანოზი დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციების ჩატარების უფლებას აღარ მისცემდა.
იძულებით დათმობილი ტერიტორიის მიუხედავად, “სირცხვილიას” წევრებმა პირდაპირ ეთერში მოუწოდეს პროტესტის მონაწილეებს ჩვეული ლოკაციის ნაცვლად, თავისუფლების მოედანზე შეკრებილიყვნენ. ბრიფინგის შემდეგ ორგანიზატორების ნაწილი მსვლელობის დასაორგანიზებლად პუშკინის სკვერში, ნაწილი კი პარლამენტის წინ საპროტესტო სცენის მოძალადეთა ჯგუფისგან დასაცავად გაემართა. მათ “ორკების” ალყაში ყოფნა მთელი ღამით მოუხდათ.
ანტისაოკუპაციო მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან საღამოს 20 საათზე დაიძრა. პოლიციამ მათ საშუალება არ მისცა, მისულიყვნენ სცენასთან, სადაც ისინი აქციებს გასული თვრამეტი დღის განმავლობაში მართავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სცადა ორი დაპირისპირებული სამოქალაქო ჯგუფის სურათის შექმნა და მათ შორის ყვითელი ავტობუსები და სპეცრაზმი ჩააყენა. შსს-ს წარმომადგენლები “სირცხვილიას” წევრებს მთელი ღამის განმავლობაში უმეორებდნენ, რომ ნებისმიერი მოსალოდნელი დაპირისპირება სწორედ ორგანიზატორების პასუხისმგებლობა იქნებოდა და ამის თავიდან აცილების გამო, მათ დაშლისკენ მოუწოდებდნენ. აქტივისტები კი პასუხისმგებლობას მხოლოდ ხელისუფლებას აკისრებდნენ.
ვიდეო ფლეილისთი
19-დღიან ციკლში, 8 ივლისი იყო ერთადერთი დღე, როდესაც ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ღამე გაათენეს. ღამე გაათენეს ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების წევრებმაც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ოკუპაცია მათთვისაც მიუღებელია, თუმცა, ამასთანავე მიუღებელია ის ღირებულებები, რომლებსაც ანტისაოკუპაციო აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები ატარებენ, მათ შორის ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვა.
პროპუტინისტური ძალები ანტისაოკუპაციო აქციაზე ჩართულ ხმამაღალ მუსიკასაც აპროტესტებდნენ. პრორუსი პოლიტიკოსის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, თქმით, ღამის 12 საათის შემდეგ ხმაური აღარ შეიძლება. მან მუსიკის ჩართვის აკრძალვის მოთხოვნით პოლიციასაც მიმართა. ამის მიუხედავად, ახალგაზრდები რამდენიმე საათის განმავლობაში დროშებით ხელში ცეკვავდნენ სპეცრაზმის კორდონის მეორე მხარეს ძალადობრივი ჯგუფების ალყაში მყოფი მეგობრების მოთხოვნილ სიმღერებზე.
გამთენიისას პოლიციამ გაიტაცა მანქანა, რომელშიც ანტისაოკუპაციო აქციის აპარატურა ეწყო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ აპარატურის მანქანაში ქონა უკანონოა.
ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების მიერ ერთი დღით წართმეული ტერიტორიაანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა 9 ივლისს, დილის 7 საათზე დაიბრუნეს. ამ დროისათვის პრორუსული აქციის მონაწილეთაგან მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი იყო შემორჩენილი.
8 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარია მართლაც გადააყენა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან, თუმცა, მან იმავე დღეს მამუკა ბახტაძე შეცვალა და პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.
ფლი მარკეტი
14 ივლისს, პროტესტის 25-ე დღეს, პარლამენტთან პირველი “ფლი მარკეტი” ჩატარდა. საქართველოში მოქმედი სტარტაპები და მცირე ბიზნესები საკუთარ პროდუქციას პარლამენტის წინ ყიდდნენ და შემოსული თანხის სიმბოლურ 20%-ს ნებაყოფლობით რიცხავდნენ აქციების ორგანიზებისათვის. ამ დღიდან ფლი მარკეტმა სისტემატური ხასიათი მიიღო და 20 სექტემბრამდე ყოველ კვირა დღეს ტარდებოდა.
გადაცემა “სირცხვილია!”
22 ივლისს, პროტესტის 33-ე დღიდან, “სირცხვილიამ” პროტესტი ახალი, უპრეცედენტო ფორმატით გააგრძელა. პარლამენტის წინ მდებარე სცენიდან პოლიტიკური გადაცემის მაუწყებლობა დავიწყეთ.
გადაცემა “სირცხვილია!”, ერთი მხრივ, წარმოადგენდა საპროტესტო კერას შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მეორე მხრივ კი, წამყვანი და მოწვეული სტუმრები ხელისუფლების შეცდომებისა და დანაშაულების შესახებ მსჯელობდნენ.
პარლამენტთან შეკრებილი თითოეული ადამიანი ავტომატურად ხდებოდა გადაცემის მონაწილე და ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი კითხვა ან მოსაზრება უფრო მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინა. გადაცემა ლაივ რეჟიმში გადიოდა ონლაინ მედიებშიც.
ვიდეო ფლეილისთი
ერთად ერთის წინააღმდეგ
აღნიშნული სლოგანი პირველად 2019 წლის 20 სექტემბერს, 93-დღიანი უწყვეტი პროტესტის ბოლო დღეს, მასშტაბურ აქციაზე გაჟღერდა და ის ერთმანეთთან დაპირისპირებებსა და უნდობლობაში მყოფი ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთმმართველობის წინააღმდეგ გაერთიანებას ისახავდა მიზნად.
2019 წლის 20-მა ივნისმა ნაწილობრივ ბიძგი მისცა ე.წ. ორპლუსიანი სისტემის რყევას ქვეყანაში, რის პირობებშიც პოლიტიკურ ველზე მხოლოდ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” პოზიციონირებდნენ. აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ავტორიტარიზმისკენ მავალმა ხელისუფლებამაც კი მცირე პერიოდით ანგარიშვალდებულის როლი მოირგო და პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება მარტივად, ჯერ კიდევ 24 ივნისს გასცა.
ნოემბერში ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგაც სწორედ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა იყო მთლიანი ოპოზიციური ფრონტის თანამშრომლობის განმაპირობებელი. პოლიტიკური სპექტრი გახდა უფრო მრავალფეროვანი. ამის შედეგები მომავალშიც ვნახეთ, როდესაც ოპოზიციური პარტიები საერთო მაჟორიტარებზე შეჯერდნენ.
ქვეყნის სამსახურში
93-დღიანი პროტესტის განმავლობაში ორგანიზატორებისგან დამოუკიდებლად, არაერთი საინტერესო პროექტი შეიქმნა. პარლამენტის წინ ყოველი საღამოს 7 საათიდან შეკრება კი “ქვეყნის სამსახურში” ყოფნად იქცა.
სწორედ ამ სლოგანის ქვეშ გადავწყვიტეთ 2019 წლის ოქტომბრიდან პროტესტის საქართველოს სხვა რეგიონებში გატანაც. გეგმის მიხედვით, ყოველი თვის 20 რიცხვში რომელიმე ქალაქში დაორგანიზდებოდა აქცია ხალხის “ქვეყნის სამსახურში” ჩაყენების მიზნით. სამწუხაროდ, აქციის ჩატარება მხოლოდ თელავში მოვახერხეთ 20 ოქტომბერს, რადგან 14 ნოემბერს ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დაპირება უკან წაიღო და პროტესტის გაგრძელება ისევ თბილისში, პარლამენტის შენობასთან გახდა აუცილებელი.