“მოძრაობა სირცხვილიას” ორგანიზებით 2022 წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, ერთერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც 150 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაცია – “შინ ევროპისკენ” ევროკავშირში გაწევრიანების იდეის გარშემო მოქალაქეების გაერთიანებას ისახავდა მიზნად. კამპანია და დემონსტრაციები თბილისის პარალელურად საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც ჩატარდა. 20 ივნისის აქცია წინ უსწრებდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკომისიას 24 ივნისს უნდა გამოეცხადებინა.
ცოტა რამ EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნის შესახებ:
2022 წლის იანვარ/თებერვალში “მოძრაობა სირცხვილია” ახორციელებდა კამპანიას როგორც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ამავდროულად, უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ მმართველი პარტიის პოზიციების გასაპროტესტებლად. კამპანიას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობდა როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის ცენტრალურ ქალაქებში. ახალი გეოპოლიტიკური პროცესის ფონზე – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს გაუჩნდათ შანსი, ევროკავშირისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, დაჩქარებული წესით მიემართათ. მიუხედავად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების არასწორხაზოვანი შეფასებებისა, საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო და 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროპის საბჭოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიემართა.
კამპანია “შინ ევროპისკენ”
მოძრაობა “სირცხვილიამ” კამპანია “შინ ევროპისკენ” რამდენიმე კვირიანი მზადების შემდეგ 9 ივნისს დაიწყო. პოლიტიკური პოლარიზაციისა და ნიჰილისტური განწყობების ფონზე, ორგანიზაციამ შეძლო, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება. კამპანიაში ჩაერთვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ორგანიზაციები, სტუდენტები, მსახიობები, მწერლები, მასწავლებლები და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ევროინტეგრაცია ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ მიზანს წარმოადგენს.
კამპანიის შემაჯამებელი აქციისთვის სიმბოლური თარიღი – 20 ივნისი დაანონსდა. ორგანიზაცია აქციის მიზნების შესახებ ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით ავრცელებდა ინფორმაციას – ტელევიზია, ონლაინ მედია, სოციალური ქსელები, ინდივიდუალური თუ ჯგუფური შეხვედრები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან; რეგიონების მასშტაბით ვრცელდებოდა საინფორმაციო ბროშურები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
შინ ევროპისკენ!
ხელისუფლებამ მალევე იგრძნო კამპანიის ეფექტურობა და მისთვის ხელოვნური წინააღმდეგობების შექმნა დეზინფორმაციის საშუალებით სცადა, რასაც ხელისუფლებისვე მართული პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან აქციის ჩაშლის საჯარო მუქარები მოჰყვა. აქციის გაუქმებისა და დაპირისპირების თავიდან აცილებისკენ ორგანიზაციას საქართველოს პრეზიდენტმა – სალომე ზურაბიშვილმაც მოუწოდა. ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობდა, საზოგადოებაში შიშის დანერგვას და აღნიშული გზით დაგეგმილი დემონსტრაციის დაზიანებას, თუმცა ამ ფონზე, კამპანია “შინ ევროპისკენ” გაცილებით დიდ მასშტაბს იძენდა.
კამპანიაში ჩართვის სურვილს ყოველდღიურად უფრო მეტი სოციალური თუ პოლიტიკური ორგანიზაცია გამოთქვამდა. კამპანიამ – “შინ ევროპისკენ” მოიცვა ქართველი ემიგრანტებიც, რომლებმაც ევროპის სხვადასხვა ქალაქში დემონსტრაციები იმავე სახელწოდებით დააანონსეს. დიდი ხნის უმოქმედობის შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით გააქტიურდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
საჯაროდ გამოქვეყნდა კამპანიის ვიზუალური მასალა და მოძრაობამ მოუწოდა – მოქალაქეებს, ბიზნესს, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, გამოეყენებინათ საკუთარი სოციალური გვერდების შესაფუთად, პროდუქტზე დასატანად, ოფისებსა და სერვის-ცენტრებში, მაღაზიებსა და კაფე-ბარებში განსათავსებლად. ევროპის მარშზე მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების დიპლომატებიც მოიწვია.
20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ადამიანთა უპრეცედენტო რაოდენობა გამოვიდა. მასზე შთაბეჭდილებით წერდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოება.
23 ივნისს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი – არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და განაცხადა, რომ მზადაა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
24 ივნისის დემონსტრაციაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი უკრაინის პრეზიდენტის ქართველი ხალხისადმი მიმართვა იყო.
“შინ ევროპისკენ” კამპანიის მეორე ფაზა
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, “მოძრაობა სირცხვილიამ” განაგრძო კამპანიის “შინ ევროპისკენ” განხორციელება, რომლის მიზანსაც ევროკავშირის სიკეთეების შესახებ საზოგადოების საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა. ამ მიმართულებით მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლები ევროკავშირის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული თუ საინვესტიციო პროექტების შესახებ საქართველოში – კამპანიაში ჩაერთვნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები წვრილი ფერმები და მეწარმეები; ამავე კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაციამ გააგრძელა საზოგადოების ინფორმირება იმ ვალდებულებების შესრულების აუცილებლობის შესახებ, რაც ევროკომისიამ საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის წინაპირობად გასცა; ასევე, კამპანიის ფარგლებში მომზადდა ვლოგები – კონკრეტულად რა სარგებელს სთავაზობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს რიგით მოქალაქეს, სტუდენტს, ფერმერს თუ ბავშვებს. სხვა ქვეყნის მაგალითებზე დაყრდნობით, მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები და ცხოვრების როგორ სტანდარტს გულისხმობს ის.
ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შედეგად, 2023 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
“შინ ევროპისკენ” კამპანიის მეორე ფაზა
“შინ ევროპისკენ” კამპანია სოციალურ ქსელში
2022 წლის ივნისში ორგანიზაციის მიერ “შინ ევროპისკენ” კამპანიისთვის წარმოებული კონტენტი ფეისბუქის საშუალებით 2.5 მილიონ უნიკალურ მომხმარებელს მისწვდა. კონტენტის ინტერაქციამ (მოწონება, კომენტარი, შეარი) დაახლოებით 360 ათასს მიაღწია. ფეისბუქზე განთავსებული ვიდეოკონტენტის ნახვების ჯამურმა რაოდენობამ 3.1 მილიონი შეადგინა.
სოციალურ ქსელებში მოძრაობის მიერ ინიცირებულმა წარმატებულმა კამპანიამ შეძლო, რომ ის ტრადიციული მედიის ცენტრალური თემაც გამხდარიყო და მოძრაობის წევრებს ყოველდღიურად ეთმობოდათ სხვადასხვა ტელევიზიის ეთერი, რათა კამპანიისა შესახებ მოქალაქეებისთვის მიემართათ.
კამპანიისთვის შერჩეულმა პოზიტიურმა საკომუნიკაციო სტრატეგიამ, მესიჯებმა და აქტივობებმა შესაძლებელი გახადა მისი საყოველთაოობა, რისი დადასტურებაც 20 ივნისს გამართული შეკრება აღმოჩნდა, რომელსაც 150 ათასამდე მოქალაქე შეუერთდა.