“შევხვდებით არჩევნებზე” – ამ სლოგანით დასრულდა 2020 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია “ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ”, რომელიც შემდგომში მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის სახელწოდებად იქცა.
8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმებით, რომელშიც მოძროაბა „სირცხვილიამ“ დიდი როლი ითამაშა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ნახევრად პროპორციული სისტემით გაიმართა. მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობისა და ამომრჩეველთა აქტივობის გასაზრდელად, ორგანიზაციამ წამოიწყო დამოუკიდებელი წინასაარჩევნო კამპანია “შევხვდებით არჩევნებზე“ – GOTV, რომლის უმთავრეს სამიზნე სეგმენტს ახალგაზრდები წარმოადგენდნენ.
კამპანიაში ჩაერთვნენ ცნობილი სახეები – მსახიობები, ჟურნალისტები, მწერლები და ა.შ. ისინი ვლოგების საშუალებით მოქალაქეებს ესაუბრებოდნენ არჩევნებზე წასვლის აუცილებლობაზე, განუმარტავდნენ ახალი საარჩევნო სისტემის მნიშნელობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოუწოდებდნენ არჩევნებში აქტიურობისკენ.
შევხვდებით არჩევნებზე – 2020
ვლოგების სერიის გარდა, მოძრაობა „სირცხვილიამ“ მოამზადა წინასაარჩევნო ვიდეორგოლების სერია, რომელთა მიზანსაც საზოგადოებაში არჩევნებში მონაწილეობის მოტივაციის გაზრდა წარმოადგენდა.
შინ ევროპისკენ!
პოსტერების კონკურსი
ერთერთ წინასაარჩევნო აქტივობად, მოძრაობამ ახალგაზრდებისთვის არჩევნების თემაზე პოსტერების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც პარტიონი კრეატიული სააგენტოების დამფუძნებლები ჩაერთვნენ. კონკურსის ფარგლებში გაიმართა საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა, სადაც ჟიურიმ გამარჯვებული პოსტერების ავტორები გამოავლინა და მათ ფულადი ჯილდო გადასცა.
გამარჯვებული ნამუშევრები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა თავშეყრის ადგილებსა და ქუჩებში პოსტერებად გაიკრა და სტენსილების სახით გავრცელდა.
შინ ევროპისკენ!

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 18-35 წლამდე მოქალაქეთა მონაწილეობა 2016 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.
ჩემი არჩევანი კანონია
პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეებმა უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინეს და მათ მიერვე მოპოვებულ ნახევრად პროპორციულ არჩევნებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობა დააფიქსირეს – 31 ოქტომბერს, 1,970,540-მა ადამიანმა გააკეთა არჩევანი, რომელთა უმრავლესობამ ხმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მისცა.
მუქარის, დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტების, ცესკოს მიმართ საქართველოს მოქალაქეთა უნდობლობის გამო, “სირცხვილიამ” არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო და ხმების გადათვლა მოითხოვა: “შედეგების გადათვლის პროცესი უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ – პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით”.