1 აგვისტო, 2023
წამალი ბავშვებს!
2023 წლის 3 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ იშვიათი გენეტიკური დაავადების – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფოსგან მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის საქართველოში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვდნენ. საუბარი ეხებოდა 17 ბავშვს.
მალევე, დედები 24 საათიანი პროტესტის ფორმაზე გადავიდნენ. ისინი რკინის შავი ღობით გარშემორტყმულ მთავრობის კანცელარიასთან ათენებდნენ ღამეებს და პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ხელისუფლებამ ისევ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის გზებს მიმართა. ცრუ დაპირებების გამო, მშობლებმა რამოდენიმეჯერ შეწყვიტეს და განაახლეს პროტესტი. მათთვის ხელის შესაშლელად პოლიციამ დედებს ღამით კარვების გაშლაც აუკრძალა.
თუმცა დედების დაუღალავმა სიმტკიცემ და თავდადებამ შედეგი გამოიღო და ქართულმა საზოგადოებამ მათ უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა: საინფორმაციო კამპანიის შექმნასა და გავრცელებაში მონაწილეობა მივიღეთ არაერთმა ორგანიზაციამ და მედია საშუალებამ, ღამის თენებებში მოხალისეობრივად ვიყავით ჩართული არაერთი მოქალაქე, პროტესტის მონაწილეთათვის სასმელი და საკვები პროდუქტები მოჰქონდათ მცირე ბიზნესებსა და მათ თანამშრომლებს.
რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა ბავშვებისთვის წამალი შემოეტანა და დაეფინანსებინა.
5 მაისი, 2022
იულონ გაგოშიძის მხარდასაჭერად
2022 წლის 27 აპრილს ეროვნული მუზეუმის კანცელარიამ მეცნიერ იულონ გაგოშიძეს გათავისუფლების განცხადება ხელმოსაწერად გადასცა. ამ აქტით მუზეუმის ახალმა ადმინისტრაციამ გააგრძელა თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკა კულტურის სფეროში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ. ბუნებრივია, ბატონი იულონი საკუთარი ნებით არ აპირებს სამსახურის დატოვებას და აგრძელებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ მის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად ეროვნულ მუზეუმთან შევიკრიბეთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ იულონს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განუზომელი წვლილისთვის.
12 მარტი, 2022
მადლობა ლიეტუვას! - Sveikiname!
2022 წლის 11 მარტს ლიეტუვის საელჩოსთან შევიკრიბეთ და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ლიეტუვას დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მივულოცეთ!
ლიეტუვა იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა – 1990 წლის 11 მარტს. ასე დაიწყო ამ სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობის გზაზე სვლა, თუმცა ისევე, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ამ გზის ჩარაზვას საბჭოთა ხელისუფლება ტანკებით და სისხლიანი მეთოდებით შეეცადა. 1991 წლის იანვარში ვილნიუსისკენ საბჭოთა სამხედრო შენაერთების მასობრივი გადასროლა დაიწყო. ვილნიუსის ათასობით მაცხოვრებელი ქუჩებში გავიდა – მათ არ სურდათ კრემლის დაქვემდებარებაში დაბრუნება. 1991 წლის 11-დან 13 იანვრის ჩათვლით, დედაქალაქ ვილნიუსში საბჭოთა ჯარების ინტერვენციის შედეგად 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 702 კი დაშავდა.
ლიეტუვა სამუდამოდ დაემშვიდობა საბჭოთა მემკვიდრეობას და დადგა გზაზე, რომელმაც ის დემოკრატიულ წყობამდე, “ევროკავშირისა” და “ნატოს” წევრობამდე მიიყვანა.
“ასეთ ამინდში მოსალოცად მხოლოდ ნამდვილი მეგობრები თუ მოვიდოდნენ” – გვითხრა ლიეტუვის საელჩოს წარმომადგენელმა.
1 ივლისი, 2021
ნინოწმინდას პანსიონის ბავშვები
ნინოწმინდას პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2021 წლის 2 ივნისს, სახალხო დამცველის ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა, რომელმაც განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში, პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული. მალევე, გარდა ამ ოთხი საქმისა, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, – ძალადობა არასრულწლოვანის მიმართ.
ნინოწმინდას ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი საპატრიარქოს უშუალო დაქვემდებარების ქვეშ ფუნქციონირებს. პანსიონატი სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული დაწესებულებაა, რომელშიც საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – ბავშვები იმყოფებიან და, ამდენად, არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი, რომ იგი პერიოდულად მონიტორინგს ექვემდებარებოდეს.
3 ივნისს პროკურატურასთან გამართულ აქციაზე “სირცხვილია” მოძალადეების დასჯისა და ბავშვების საოჯახო ტიპის სახლებში გადაყვანის მოთხოვნით მივიდა. ადგილზე ძალადობრივად დააკავეს ჯერ გიგა მაქარაშვილი, მოგვიანებით კი ზუკა ბერძენიშვილი და ჩვენი ორგანიზაციის რამოდენიმე მეგობარი. გიგა მაქარაშვილმა განყოფილებაში გადაყვანისთანავე სამედიცინო შემოწმება მოითხოვა და აღმოჩნდა, რომ მას დაკავებისას ხელი ჰქონდა მოტეხილი.
ძალადობის ფაქტებზე ინფორმაციის გავრცელებიდან ორ კვირაში, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ, რომელიც წლების განმავლობაში არ აძლევდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პანსიონის დირექტორის თანამდებობა და მისი ადგილი ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დაიკავა.
5 ივნისს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაეყვანათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პანსიონიდან ბავშვების გაყვანა დაიწყო, რასაც მეთვალყურეობას უწევდნენ ბავშვთა უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და სახალხო დამცველი.
მიუხედავად პროტესტისა, 15-მდე არასრულწლოვანი ამ ეტაპამდე პანსიონში რჩება.
20 აპრილი, 2021
აფხაზეთი 5 დღიანი კარანტინის შემდეგაა საქართველო?
2021 წლის 7 აპრილს, მაშველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან ადიდებულ მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანი იპოვეს. ისინი ენგურის გავლით ცდილობდნენ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას.
მიზეზი ის იყო, რომ გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში 5-დღიანი დაყოვნების პერიოდის გავლის გარეშე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ. ეს წესი გალში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გართულებებს ქმნიდა, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოში გადასვლას ხშირად შემოვლითი გზებით ცდილობდნენ.
7 აპრილს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის კარანტინის გაუქმების მოთხოვნით.
პროტესტის შედეგად, ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი 19 აპრილიდან გაუქმდა. ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებნი კარანტინის ნაცვლად ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარნენ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 14 აპრილს მიიღო.
16 მაისი, 2020
აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად
2019-2020 წლებში აჭარის ტელევიზიის გარშემო მიმდინარე პროცესებმა გააჩინა და მოგვიანებით დაადასტურა ეჭვები, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიერ ინიცირებული საორგანიზაციო თუ საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე ზეწოლა და მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვა იყო.
აჭარის ტელევიზია ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის მმართველობის დროს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც პოლარიზებულ მედიაგარემოში დაბალანსებული და მიუკერძოებელი კომპანია. თუმცა, ამ ფონზე მრჩეველთა საბჭომ კაპანაძე თანამდებობიდან, დასაბუთების გარეშე, იმპიჩმენტის წესით გაათავისუფლა.
ახალი დირექტორის არჩევა ბევრი მცდელობისა და 6 თვის თავზე ახალი მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ მოხერხდა. თავად მრჩეველთა საბჭო მკვეთრი დაპირისპირების ფონზე დაკომპლექტდა. საბოლოოდ, საბჭოში, რომელმაც გიორგი კოხრეიძე დირექტორად აირჩია, მოქმედი ოთხი წევრიდან სამი „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარმოდგენილი. კოხრეიძემ დირექტორად არჩევის დღესვე ჟურნალისტებს კრიტიკული ტონი დაუწუნა. პრობლემები შეექმნა დირექტორის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელმაც მრავალჯერ განაცხადა მასზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ზოიძეს ხელშეკრულების პირობები შეუცვალეს და მან ტელევიზია დატოვა. ზოიძის წასვლას საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოეხმაურა და „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა.
2020 წლის თებერვალში ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მრჩეველთა საბჭოს თანხმობით, მოადგილეების პოზიცია გააუქმა იმ პირობით, რომ მათ ტოლფას პოზიციას შესთავაზებდა. ამ გზით, მენეჯმენტს ახალი ამბების რედაქციიდან მისთვის არასასურველი ადამიანების ჩამოშორება სურდა, რაც მოახერხეს კიდეც. სადავო დისციპლინური წარმოება დაიწყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის წინააღმდეგაც. მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ.
მოვლენების ასეთმა განვითარებამ ცხადყო, რომ მიმდინარე ცვლილებების მიზანი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო.
მაუწყებლის გადასარჩენად არაერთი საპროტესტო და სოლიდარობის აქცია გაიმართა. არხის ჟურნალისტების მხარდასაჭერ საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობას იღებდა ჩვენი ორგანიზაციაც.
აჭარის ტელევიზიის მხარდასაჭერად
29 მარტი, 2020
"ანას ბაღის" გადასარჩენად
ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის პატარა სკვერს “ანას ბაღი” ჰქვია. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და მოსახლეობა მას “ბეტონის მარწუხებისგან” დღემდე იცავს.
2018 წელს სკვერის მომიჯნავე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა, კომპანიამ კი 2019 წლის ნოემბრიდან მშენებლობა დაიწყო. „ანას ბაღის“ სამეზობლო პერმანენტულ საპროტესტო რეჟიმზე სწორედ ამ დროიდან გადავიდა. მშენებლობისათვის შემოღობილი სივრცის ერთ-ერთ კედელთან გაიშალა კარავიც, სადაც მოსახლეობა 24-საათიან რეჟიმში მორიგეობდა.
რამდენიმეთვიანი პროტესტის, დაკავებებისა და სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში სასამართლომ „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც, მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებული გახდა მშენებლობა დროებით შეეჩერებინა.
5 იანვარი, 2020
გარემოვაჭრეები
2020 წლის 5 იანვარს, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიამ” გარემოვაჭრეებს, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობაზე, დედაენის ბაღში საშობაო ფლი მარკეტი დაუორგანიზა.
2 იანვარს თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედანზე, იქ, სადაც ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე იდგა, ვაჭრობის უფლება არ მისცა და პარლამენტთან გადასვლა შესთავაზა.
რამოდენიმე დღით ადრე, 30 დეკემბერს, მერიამ უკანონოდ დაშალა პარლამენტის წინ განთავსებული მალხაზ მაჩალიკაშვილისა და “სირცხვილიას” კარვები და მათ ნაცვლად, ჯერ ზვიგენის გასაბერი ბატუტი დადგა, თუმცა მალევე ჩაფუშა და ახალი გასართობი კონსტრუქციები დაამონტაჟა. საბოლოოდ, ატრაქციონები, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი პოლიციას ჰქონდა შემოსაზღვრული ჯებირებითა და მანქანებით. დახლები კი, რომლებიც საახალწლო პროდუქციისთვის იყო განკუთვნილი, პროტესტის ნიშნად, ცარიელი იდგა, რადგან გარემოვაჭრეებმა კატეგორიული უარი თქვეს იქ ვაჭრობაზე, სადაც შვილმკვდარ მამას სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლის უფლება წაართვეს.
5 იანვარს ფლი მარკეტი 12:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდა. გარემოვაჭრეებისგან ნივთების შესაძენად ბევრი აქტიური მოქალაქე მოვიდა. დედა ენის ბაღში სოლიდარობის მიზნით მცირე მეწარმეებიც შეიკრიბნენ და საკუთარი პროდუქციის გაყიდვიდან შემოსული თანხა გარემოვაჭრეებს გადაურიცხეს.
მერიამ ფლი მარკეტის ჩაშლაც სცადა და საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით გარემოვაჭრეებსა და აქტივისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, მიზეზად კი ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა. აქტივისტებმა მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა სთხოვეს, რის შემდეგაც მერიის თანამშრომელი ტერიტორიას გაეცალა.
“საშობაო გარევაჭრობა” დედაენის ბაღში, წარმატებით დასრულდა.
საახალწლო პროდუქციის დიდი ნაწილი, რომლის გაყიდვის საშუალებას თბილისის მერიის წარმომადგენლები გარემოვაჭრეებს არ აძლევდნენ, სრულად გაიყიდა. ყველაფერთან ერთად, შეგროვდა თანხა დაჯარიმებული გარემოვაჭრეებისთვისაც.