კლანი

კლანი


“კლანი” ქართული მართლმსაჯულების სისტემაში გაბატონებული არაფორმალური დაჯგუფებაა, რომელსაც ოლიგარქი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი მართავს, მფარველობს და საკუთარი პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად იყენებს. ეს კი იმის ფონზე, როცა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში სწორედ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა.


სასამართლო კლანის მხილების კამპანია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია “სირცხვილიას” აქტივობებში. 2019 წლიდან დღემდე, კამპანიის ფარგლებში, ქუჩის პროტესტის პარალელურად, დოკუმენტური ფილმის “კლანი” რამოდენიმე სერია შეიქმნა.


ფილმის შექმნიდან ორ წელიწადში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო დაასანქცირა (ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე) კლანის 4 მოსამართლე წევრი – მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე. სანქცია შეეხოთ არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

2021 წლის 27 ივნისს მოსამართლეები საგანგებოდ შეიკრიბნენ. საჯარო განცხადებებში კლანის წევრებმა ერთხმად დაგმეს ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები, ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და მოძრაობის მიერ შექმნილი “სპეციალური ფილმები”.

მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას.
დიმიტრი გვრიტიშვილი
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

მოძრაობა სირცხვილიას “ტერორისტული აქტი”

2019 წლის 12 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კენჭისყრა გამართა. კანდიდატთა სრულ უმრავლესობას სასამართლოში არსებული ე.წ. “კლანის” წევრები წარმოადგენდნენ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მსურველი კანდიდატის, შალვა თადუმაძის განათლებასთან დაკავშირებით, კვლავ მნიშვნელოვანი პასუხგაუცემელი კითხვები არსებობდა. ნათლად ჩანდა სასამართლოს უვადოდ მიტაცების შემთხვევა. მოქალაქეებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შეაღწიეს. აქციაზე პოლიციამ 16 პირი დააკავა.


პროცესის ჩასაშლელად, კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით, პლენარულ სხდომათა დარბაზში ვეტერინარული ანტისეპტიკური ხსნარი გაიხსნა, რომლის უმცირეს დოზასაც კი ფეკალიების გაუსაძლისი სუნი აქვს, თუმცა, სუნის მიუხედავად, სითხე უვნებელია. გავრცელებული სამედიცინო მითების ზეგავლენით, მას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ადამიანები სვამდნენ კიდეც.

ხსნარის უვლებლობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა პარლამენტს, რის გამოც დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს და კენჭისყრა შეწყდა. ქართული ოცნების ერთერთმა დეპუტატმა მომხდარი ტერორისტულ აქტად, დანარჩენებმა კი ქიმიურ თავდასხმად შეაფასეს. საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობით ისჯება.

გაურკვევლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მომხდარიდან მალევე “ტერორისტული აქტის” ორგანიზებაზე “პასუხისმგებლობა” მოძრაობამ აიღო!

საბოლოოდ, კენჭისყრა მაინც ჩატარდა და ქართულმა ოცნებამ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა. პარლამენტში სუნის დაყენებაზე გამოძიებას კი, მისი კომიკურობიდან გამომდინარე, გაგრძელება არ მოჰყოლია.

კლანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ჩაინიშნა, რომელზეც მოსამართლეთა უმრავლესობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი უნდა აერჩია. კონფერენცია “სირცხვილიას ორგანიზებული აქციის ფონზე ჩატარდა.

სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად წოდებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანოა. საბჭოს 5 არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს. 4 მოსამართლე წევრი მოსამართლეთა კონფერენციაზე, პირდაპირი კენჭისყრის გზით აირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრის ხელშია მოსამართლეთა დანიშვნა, მათი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და დისციპლინარული სანქცირება.
მართლმსაჯულების სისტემაში გაბატონებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი, რომელიც გარიგებულია პოლიტიკურ ხელისუფლებასთან სრულად აკონტროლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად, კლანს აქვს სრული კონტროლი მოსამართლეთა აბსოლუტურ უმრავლესობაზე. ამ ფაქტს ადასტურებს მოსამართლეთა კონფერენციების მრავალწლიანი პრაქტიკა. მოსამართლეთა მიერ ყოველთვის იმ კანდიდატების არჩევა ხდება, რომლებიც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წარდგენილები არიან.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორების მედიაციით მიღწეული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტი ითვალიწინებს სასამართლოს რეფორმას, რომელიც, თავის მხრივ, მოიაზრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმასაც. მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების მიუხედავად, პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებული არ არის.
ამ ფაქტის გათვალისწინებით, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის ჩატარება და საბჭოს მოსამართლე წევრების არსებული კანონმდებლობით არჩევა ხელს უშლის ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აძლიერებს სასამართლოში პოლიტიკური ხელისუფლებისა და კლანური დაჯგუფების ინტერესებს და ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას.

2021 წლის 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება განახორციელა. დანიშნა 40-ზე მეტი მოსამართლე და პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი წარუდგინა.
მიუხედავად იმისა, რომ წლებია საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა სიმცირე მნიშვნელოვანი პრობლემაა, ახალი კადრების დამატების პროცესი სასამართლოში არსებული ძლიერი კლანური მმართველობის პირობებში მიმდინარეობს. არც ხელისუფლებამ და არც სასამართლოში არსებულმა ე.წ. კლანმა, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, არ აჩვენეს მართლმსაჯულების გაჯანსაღების და სისტემის რეალური რეფორმის ნება, მათ შორის არ შეიცვალა საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისა და საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, რაც საუკეთესო და მიუკერძოებელი კანდიდატების დანიშვნას უზრუნველყოფდა.

სასამართლო სისტემა ვერ გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გახდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო.