2020 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.
მნიშვნელოვანია გამოძიების მიმდინარეობის პერიოდი საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე. წინასაარჩევნოდ მსგავსი საკითხების წინ წამოწევის გზას მმართველი პარტია ადრეც ხშირად მიმართავდა და ის ყოველთვის ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ იყო მიმართული.
ასევე საყურადღებო იყო აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის კერების გაღვივება, მათ შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც.
მტკიცებულებების არარსებობა, გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენდა ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივებს ემსახურებოდა – საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნასა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას.
სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო, სამოქალაქო “მოძრაობა სირცხვილიამ” ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტიკურ პატიმრებად შეაფასა და მათ მხარდასაჭერად საინფორმაციო კამპანია წამოიწყო.
კარტოგრაფების საქმე
2021 წლის 28 იანვარს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
სასამართლოს მიერ შეფარდებული 20-20 ათასი ლარის გირაო ჩვენმა ორგანიზაციამ იმავე საღამოს, რამოდენიმე საათში, მოქალაქეთა შემოწირულობებით, ჯამში 1888 დონაციით შეაგროვა.
კარტოგრაფების საქმის სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.