1 წელი 20 ივნისიდან 

1 წელი 20 ივნისიდან 

2019 წლის 20 ივნისიდან ერთი წელი გავიდა.
ზუსტად 1 წლის წინ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ პარლამენტში რუსი დეპუტატები შემოუშვა და ოკუპაციის კანონის დამრღვევ კომუნისტ გავრილოვს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაუთმო.

ზუსტად ერთი წლის წინ, ეს ღიად კოლაბორაციონისტული ფაქტი ათასობით ადამიანმა პარლამენტის წინ გააპროტესტა და ხელისუფლებამ ეს ხალხი, რუსეთისთვის საჩვენებლად, სამაგალითოდ დასაჯა.

როგორ უპასუხა ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომას:

  • ამ დრომდე არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების არცერთი ფაქტი და არ არის დასჯილი არცერთი სამართალდამცველი;
  • მომხდარზე პასუხისმგებელი შს მინისტრი დაწინაურებულია პრემიერად;
  • მოგონილი და შეთითხნილი “სახელმწიფოს გადატრიალების” ბრალდებით ციხეში გამოკეტეს “გავრილოვის პატიმრები” და პოლიტიკური ოპონენტები. დღემდე, ორის გარდა, არცერთ დაშავებულს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი;
  • ზუსტად ერთი წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ მიგვიღია დაპირებული პროპორციული საარჩევნო, არც სრულად და არც მიახლოებული მოდელით (120/30), სისტემა.

ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ

“ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ” აქციის პრეკამპანია 2020 წლის 20 ივნისამდე რამოდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ. მასში მონაწილეობა “გავრილოვის ღამის” დაზარალებულებმაც მიიღეს.
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა რამოდენიმე თვით ადრე დაწყებული პანდემია, რომლის განმავლობაში არცერთი საჯარო შეკრება არ ჩატარებულა. ჩვენ მიერ დაანონსებული სიმბოლური აქცია, ამ მხრივ, პირველი და საპასუხისმგებლო იყო. ხალხში შიშის გასაფანტად, დემონსტრაცია კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით დაანონსდა და განხორციელდა. მოქალაქეებს ადგილზე დახვდათ პირბადეები და დისტანციის დასაცავად, ასფალტზე დაკრული ნიშნულები პუტინის გამოსახულებით. მასზე ფეხით დგომა სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებდა.

აქცია საქართველოს ჰიმნის ფონზე და პლაკატებით – “შევხვდებით არჩევნებზე” – დასრულდა. სწორედ ამ სლოგანით დავაანონსეთ 2020 წლის ნეიტრალური წინასაარჩევნო კამპანია.

Facebook Live