სასამართლომ #სირცხვილიას წევრებს დაზარალებულად ცნობაზე არარსებული საფუძვლით უთხრა უარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა #სირცხვილიას წევრებს 5 ივლისის საქმეზე დაზარალებულად ცნობაზე არარსებული საფუძვლით უთხრა უარი.

მოძრაობა #სირცხვილიას წევრებმა სასამართლოს მას შემდეგ მივმართეთ, რაც პროკურატურამ ჩვენი მოთხოვნა ორჯერ არ დააკმაყოფილა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა განაცხადა, რომ დაზარალებულად ცნობაზე პროკურორის უარი დროებითია და შესაძლებელია მან მომავალში სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. ამ საფუძვლით, სასამართლო არ შევიდა საჩივრის შინაარსობრივ განხილვაში, უგულებელყო ჩვენ მიერ მოხმობილი არგუმენტები და შედეგად, უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

მოძრაობა #სირცხვილიას წევრები უფლებების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. მოძრაობის წევრების ინტერესებს სასამართლოში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი, ივანე ჩიტაშვილი იცავს.

5 ივლისს მოძალადე დაჯგუფების მიერ #სირცხვილიას ოფისზე თავდასხმის ქრონოლოგია ნახეთ პუბლიკას მომზადებულ ვიდეოში.

პროკურატურამ “სირცხვილიას” აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა

5 ივლისს, “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმის მომენტში მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი ოფისში იყვნენ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, კარის შემტვრევასა და ოფისში შეღწევას ცდილობდნენ.

პროკურორმა უარი შემდეგნაირად დაასაბუთა:  “საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად არ დასტურდება, რომ უშუალოდ აღნიშნული პირები [სირცხვილიას წევრები] წარმოადგენდნენ დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატებს”.

პროკურორის უარი 5 ივლისის საქმეში “სირცხვილიას” წევრების ინტერესების უგულებელყოფის პირველი ფაქტი არ არის. ოფისზე თავდასხმის შემდეგ, გამოძიება აქტივისტების ჩვენებით არც კი დაინტერესებულა. მარიამ დოლიძის, ზუკა ბერძენიშვილის, სალომე ბარკერისა და გიგა მაქარაშვილის გამოკითხვა მხოლოდ მათი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ მოხდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მჟავანაძე გაამართლა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა სირცხვილიას დამფუძნებელი წევრისა და დირექტორის, გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გიორგის შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, 173-ე მუხლის (სამართალდამცველის დაუმორჩილებლობა ან მისი შეურაცხყოფა) დარღვევას ედავებოდა, თუმცა მოსამართლე ნინო თარაშვილმა ინციდენტში გიორგის ბრალეულობა ვერ დაინახა და საქმის წარმოება შეწყვიტა.

5 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე, სადაც მოძრაობა სირცხვილია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის შეფარდებულ 12 წლიან პატიმრობას აპროტესტებდა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა შსს-ს წარმომადგენელმა გიორგი მჟავანაძის დაკავება სცადა, თუმცა ამის საშუალება იქვე შეკრებილმა აქტივისტებმა არ მისცეს. გიორგის ადმინისტრაციული სამართალდაღვევა მოგვიანებით მაინც დაუდგინეს და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს-მ 173-ე მუხლის დაღვევის ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და საქმის არსებითი განხილვა შეწყდა. გიორგი მჟავანაძის ინტერესებს დღეს იურისტი გიორგი მახარაძე იცავდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლები (სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობა, ან მისი შეურაცხყოფა და წვრილმანი ხულიგნობა) ტრადიციულად სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გამოიყენება და პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით, ითვალისწინებს 1500-დან 4500 ლარამდე ჯარიმას, ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობას.